ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი რომაში პორტუგალიელი იქნება

შეთანხმება მიღწეულია - ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი რომაში პორტუგალიელი იქნება
თარიღი 13 ივლ 2021, 11:08

„ვულვერჰემპტონის“ მეკარე, პორტუგალიელი რუი პატრისიუ „რომაში“ გადასვლასთან არის ახლოს.

ინგლისური გუნდი იტალიურისგან პატრისიუს სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი ოფიციალურად ამ კვირის მანძილზე დაიხურება.

რუი პატრისიუ „რომაში“ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი იქნება, რომელმაც დედაქალაქურ გუნდში მუშაობას ოფიციალურად 2 კვირის წინ შეუდგა.

რაც შეეხება „ვულვზს“, გუნდი რუის შემცვლელად სხვა პორტუგალიელ მეკარეს დაიმატებს - „ბრაგადან“ 6.8 მილიონ ფუნტად ჟოზე სას.

პატრისიუ განვლილ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო, რომელზეც გუნდი მერვედფინალში გავიდა და ბელგიასთან (0:1) დამარცხდა.

ესპანელი პაუ ლოპესი, რომელიც „რომაში" ძირითადი მეკარის სტატუსს აქამდე ატარებდა, იჯარით „მარსელში" გადაბარგდა, რადგან ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა.