ავტორიზაცია

რომამ მანჩესტერ იუნაიტედის მცველს დაუმიზნა, წითელი ეშმაკები იჯარაზე უარს ამბობენ

რომამ მანჩესტერ იუნაიტედის მცველს დაუმიზნა, წითელი ეშმაკები იჯარაზე უარს ამბობენ
თარიღი 14 ივლ 2021, 12:57

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხენა მცველი, ალექს ტელეში, სათამაშოდ შესაძლოა იტალიის სერია ა-ში გადავიდეს.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბრაზილიელი განაპირა მცველის იჯარით აყვანა დედაქალაქურ „რომას“ სურს, რომელიც ტელეშს დიდი ხნით ტრავმირებული ლეონარდო სპინაცოლას შემცვლელად მოიაზრებს.

თუმცა, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ სურს და მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე მოლაპარაკებებისთვის არის მზად.

დიდი ალბათობით, კლუბები უახლოეს პერიოდში მოსალაპარაკებელ მაგიდას მიუსხდებიან და ტრანსფერის გაფორმებას შეეცდებიან.

ტელეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასულ ზაფხულს, „პორტუდან“ შეუერთდა, თუმცა ლუკ შოუსთან კონკურენცია წააგო და გუნდის ძირითადი მარცხენა მცველი ვერ გახდა.

დასრულებულ სეზონში, ტელეშმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ალექსის კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2024 წლამდე მოქმედებს, Transfermarkt მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.