ატლეტიკო ობლაკის შემცვლელის როლზე ვეტერან იტალიელ გოლკიპერს განიხილავს
მადრიდის „ატლეტიკო“ აგრძელებს მეკარის ძიებას, რომელიც იან ობლაკის შემცვლელის როლს მოირგებდა.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა „ტვიტერში“ იტყობინება, ობლაკის შემცვლელის როლზე მადრიდული კლუბი „პსჟ-ს“ ყოფილ გოლკიპერს, სალვატორე სირიგუს განიხილავს.
ამ ეტაპზე, სირიგუ „ტორინოს“ ფეხბურთელია, რომლის შემადგენლობაშიც, გასულ სეზონში, სერია ა-ს 32 მატჩში 62 გოლი გაუშვა.
2011-2017 წლებში, სირიგუ „პსჟ-ში“ ასპარეზობდა, რომელთან ერთადაც საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. პარიზული გუნდის გარდა, მას ესპანურ „ოსასუნაში“, „სევილიაში“ და იტალიურ „პალერმოში“, „ანკონაში“ და „კრემონეზეში“ აქვს ნათამაშები.
„ტორინოსთან“ სირიგუს კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მოქმედებს, Transfermarkt მას 2.5 მილიონ ევროდ აფასებს.