ავტორიზაცია

"ოქროს ბურთი? კრიტერიუმს გააჩნია, მაგრამ ჩემზე მეტი წელს არავის მოუგია", - ჟორჟინიო

"ოქროს ბურთი? კრიტერიუმს გააჩნია, მაგრამ ჩემზე მეტი წელს არავის მოუგია", - ჟორჟინიო
თარიღი 14 ივლ 2021, 16:46

ჟორჟინიოს სახელი „ოქროს ბურთის“ პოტენციურ გამარჯვებულებს შორის უფრო და უფრო ხშირად ისმის.

გამომდინარე იქიდან, რომ გაიტალიელებული ბრაზილიელი საკლუბო და სანაკრებო დონეზეც წარმატებული იყო, მის მიერ ოქროს ბურთის შესაძლო მოგებას საკმაოდ დიდი სიხშირით ახსენებენ. თუმცა, ფავორიტად ლეო მესი სახელდება, რომელსაც წარმოუდგენელი კოპა ამერიკა ჰქონდა.

„ჩვენ ყველას გვაქვს ოცნებები“, - თქვა ჟორჟინიომ, როცა ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ჰკითხეს: „თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება კრიტერიუმზე, რომლითაც მისი გამარჯვებული ვლინდება.“

„თუ ჩვენ ნიჭზე ვლაპარაკობთ, ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო არ ვარ. მაგრამ, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულებია, მაშინ ამ სეზონში ჩემზე მეტი არავის მოუგია.

როგორ შეიძლება საკუთარი თავი მესის, ნეიმარს ან რონალდუს შევადარო? ისინი ჩემგან განსხვავებულები არიან. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ეს კრიტერიუმზეა დამოკიდებული.“

„გამიჭირდა თუ არა 2017 წელს გადაწყვეტილების გაკეთება, როცა ჩემით ბრაზილიის ნაკრებიც ინტერესდებოდა და იტალიაც? ორჯერ არც მიფიქრია. 21-წლამდელთა გუნდებში მხოლოდ იტალიის მაისურით მქონდა ნათამაშები და 2017 წლის ნოემბერში, შვედეთის წინააღმდეგ გასამართ მუნდიალის პლეი-ოფზე გამომიძახეს.“ - დაასრულა ჟორჟინიომ.

კლუბში ჟორჟინიომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნაკრებში კი - ევრო 2020.