ავტორიზაცია

კონფერენს ლიგა - დინამო ბათუმის შესრულებული, გაგრას შესასრულებელი და დილას შეუსრულებელი მისია

კონფერენს ლიგა - დინამო ბათუმის შესრულებული, გაგრას შესასრულებელი და დილას შეუსრულებელი მისია
თარიღი 15 Jul 2021, 10:08

დღეს, ჩვენი დროით 20:00, 20:30 და 21:00 საათებზე გაიმართება კონფერენს ლიგის პირველი რაუნდის განმეორებითი შეხვედრები. შეგახსენებთ, ბათუმის "დინამო" მიიღებს "ტრე პენეს", გორის "დილა" - "ჟილინას", "გაგრა" კი "სუტიესკას", განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.

გაგრა-სუტიესკა (0:1), 20:00

"გაგრას" მხრებზე ნამდვილად არის შესასრულებელი მისია, რადგან 0:1 არ არის განწირული შედეგი და არც "სუტიესკაა" მოწინააღმდეგე, რომელთანაც ჩვენი გუნდი უშანსოდ იქნება. ეს იქნება თანაბარი დუელი, რომელშიც იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებული სწორედ ქართული გუნდი გამოვა.

"ლურჯებსა" და ნიკშიჩელებს შორის გამარჯვებული კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში თელ-ავივის "მაკაბის" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა გაიმართება 22 ივლისს, საპასუხო კი ერთი კვირის შემდეგ, თუმცა იქამდე, გაგა კირკიტაძის შეგირდებმა ჯერ მონტენეგროელთა ბარიერი უნდა გადალახონ.

დინამო ბათუმი-ტრე პენე (4:0), 20:30

შესრულებული მისია - 0:4 სტუმრად, რაც არის პირდაპირი გზა საკუთარ კედლებში იოლ გასეირნებასთან. ცალი ფეხით კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში ყოფნის მიუხედავად, საეჭვოა, რომ "დინამო" დღეს იყოს მოდუნებული, რადგან ადგილობრივი პუბლიკა სანახაობას ითხოვს.

"ტრე პენეს" ბარიერის საბოლოოდ გადაგორების შემდეგ, ბათუმელთა შემდეგი მოწინააღმდეგე კონფერენს ლიგის მეორე რაუნდი ბორისოვის "ბატე" იქნება. ქართული გუნდი იზრდება მატჩიდან მატჩამდე, მასთან ერთად კი მომავალი მეტოქეების დონე და ქომაგების მოლოდინიც.

დილა-ჟილინა (1:5), 21:00

შეუსრულებელი მისია - 1:5 წაგება ნამდვილად მეტისმეტია, "დილასთვისაც" კი. როგორ წარმოგიდგენიათ გორელები, რომლებიც "ჟილინას" ამარცხებენ ოთხბურთიანი სხვაობით და თამაში გადაჰყავთ დამატებით დროში ან ხუთბურთიანი სხვაობით, პირდაპირ მეორე რაუნდში გასვლით?!

რთული წარმოსადგენია, თუმცა იმედი მაინც არსებობს. აღნიშნული წყვილის გამარჯვებული კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე შეხვდება "აპოლონ ლიმასოლს", რომლის რიგებში ირიცხება ორი ქართველი: გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია. ობიექტურად, უდიდესი ალბათობით ეს იქნებიან უფრო სლოვაკები, ვიდრე ქართველები.