ნეიმარის მსგავსი ხელფასი მბაპეს - პსჟ არ ნებდება, კილიანი თავის აზრზე რჩება
„პარი სენ-ჟერმენი“ თავის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივების მცდელობას აგრძელებს.
Marca-ს ინფორმაციით, კლუბი მზადაა, 22 წლის ფეხბურთელს შესთავაზოს ისეთი პირობები, როგორსაც ევროპის სხვა ვერცერთი კლუბი ვერ გაიმეორებს - ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი ხელფასი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენსაც ნეიმარი იღებს - გადასახადების გადახდის შემდეგ, 30 მილიონი ევრო წელიწადში.
ამასთანავე, მბაპე მაინც ფიქრობს, რომ ახლა „პსჟ-დან“ წასვლისთვის იდეალური დროა და ის ამ გუნდში თავისი ამბიციების ბოლომდე რეალიზებას ვერ მოახერხებს.
ამ შემთხვევაში, კილიანისთვის ფულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს - მას სურს, პროექტის მთავარი ვარსკვლავი იყოს, რაც ნეიმართან ერთად შეუძლებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და თუ მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ, ფეხბურთელს გაისად გუნდიდან უფასოდ წასვლა შეეძლება.