"მოვლენათა გარკვეულ განვითარებას ვერ გამოვრიცხავთ", - ლაპორტამ დაადასტურა, რომ გრიზმანი ტრანსფერზეა დაყენებული?!
მემფის დეპაის „კამპ ნოუზე“ წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებმა „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას კითხვები დაუსვეს.
ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა ანტუან გრიზმანის მომავალი იყო, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველია - იწერება, რომ „ბარსა“ ხან მის საულში გაცვლას ცდილობს, ხან მის შეძენას „სიტის“ და „ტოტენჰემს“ სთავაზობს, ხან კი ანტუანის გადაბირებით თავადვე ინტერესდება „პარი სენ-ჟერმენი“.
„ბლაუგრანას“ პრეზიდენტის პასუხმა კი უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა, ვიდრე რაიმე გაგვაგებინა:
„გრიზმანი არის პირველი გუნდის ფეხბურთელი, რომელთანაც კონტრაქტი გვაკავშირებს და ვისზეც იმედებს ვამყარებთ.
მასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს და მისით კმაყოფილები ვართ. თუმცა, თუ სატრანსფერო ბაზარი კონკრეტული მიმართულებით მოძრაობას დაიწყებს, ჩვენ ყველანაირი შედეგისთვის მზად ვართ, იმიტომ რომ გარკვეული სირთულეების წინაშე ვდგავართ. ფეირ-პლეის წესებთან ადაპტირება და ხელფასის ლიმიტის შემცირება გვიწევს.
გრიზმანი ჩვენს გეგმებში შედის, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში მოვლენათა გარკვეულ განვითარებასაც არ გამოვრიცხავთ. მის მიმართ ინტერესი არსებობს, რაც ფეხბურთელის დონეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.