კინგსლი კომანმა ბაიერნში სათამაშო ნომერი შეიცვალა

„ბაიერნის“ ფლანგის შემტევი კინგსლი კომანი ახალ სეზონში სხვა სათამაშო ნომრით იასპარეზებს.
როგორც მიუნხენური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელი 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც დუგლას კოშტას წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.
აქამდე, ფრანგი „ბაიერნში“ 29-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კომანი და „ბაიერნი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. მოქმედი ხელშეკრულება 2023 წელს იწურება.
ამჟამინდელი კონტრაქტით კომანი სეზონში გადასახადების გადახდამდე 9 მილიონ ევროს იღებს, კლუბი მას 13 მილიონს სთავაზობს, თუმცა კინგსლის 18-ს მიღება სურს, ანუ იმდენივესი, რამდენსაც ლეროი სანე იღებს.
კომანი „პსჟ-ს“ აღზრდილია, რომელშიც უმაღლეს დონეზე ერთი სეზონი ჩაატარა, საიდანაც „იუვენტუსში“ გადავიდა. 2015 წელს ის „ბაიერნმა“ ჯერ ინათხოვრა, ორ წელში კი გამოისყიდა.