ავტორიზაცია

მილანი რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება

მილანი რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება
თარიღი 24 ივლ 2021, 17:30

„მილანი“ მზადაა თავისთან მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გადაიბიროს.

რამდენიმე დღის წინ, „როსონერიმ“ ოფიციალურად დაადასტურეს „რეალის“ შემტევის, ბრაჰიმ დიასის ორწლიანი იჯარით აყვანა, რომლის შემდეგაც გუნდს მისი გამოსყიდვა 22 მილიონ ევროდ შეეძლება.

ახლა კი, „მილანი“ ინტერესს „რეალის“ მარჯვენა მცველის, ალვარო ოდრიოსოლას მიმართ იჩენს.

„სამეფო კლუბი“ ფეხბურთელის წასვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან ის გუნდში მხოლოდ რიგით მესამე მარჯვენა მცველის როლს ასრულებს - დანი კარვახალის და ლუკას ვასკესის შემდეგ.

წასვლის წინააღმდეგი არც თავად ოდრიოსოლაა, რომელსაც „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

როგორც ესპანური პრესა იუწყება, ოდრიოსოლა ორივე ვარიანტს მშვიდად ეგებება - შეუძლია როგორც წასვლა, ისე არც დარჩენისა და საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას გამორიცხავს.

Transfermarkt 25 წლის ესპანელს 10 მილიონ ევროდ აფასებს, თავის დროზე „რეალმა“ კი ის „სოსიედადიდან“ 40 მილიონად შეიძინა.