ავტორიზაცია

რეალი ბეილის დარჩენას შეგუებულია, ანჩელოტის კი თავისი გეგმა აქვს შემუშავებული

რეალი ბეილის დარჩენას შეგუებულია, ანჩელოტის კი თავისი გეგმა აქვს შემუშავებული
თარიღი 24 ივლ 2021, 17:54

მადრიდის „რეალის“ უელსელ ვინგერს გარეტ ბეილს გუნდის დატოვების სურვილი არ აქვს.

Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს მადრიდში ცხოვრება სავსებით აკმაყოფილებს და სხვა გუნდში, მითუმეტეს ხელფასის დაკლებით, გადაბარგებას არ აპირებს.

შესაბამისად, „რეალის“ ხელმძღვანელობა უკვე შეეგუა, რომ ბეილი თავის კონტრაქტს, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს, ბოლომდე შეასრულებს და გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს.

ამავდროულად, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ბეილის კარიერის რეანიმირებას და ფეხბურთელის სათანადოდ მოტივირებას მოახერხებს, რის ხარჯზეც უელსელი კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარებს.

იდეალში, თუ სამივე ფეხბურთელი მწყობრში იყო, ანჩელოტის აზარი - ბენზემა - ბეილის შემტევი სამეულის გამოყენება სურს. ცნობისთვის, გუნდის ახალმა ფიზმომზადების მწვრთნელმა, ანტონიო პინტუსმა, აზარს სპეციალურად მისთვის შემუშავებული გეგმა უკვე გადაუგზავნა, რის ხარჯზეც მან თავი მწყობრში უნდა მოიყვანოს და ტრავმატულობა შეამციროს.

შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონი ბეილმა იჯარით „ტოტენჰემში“ გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა ან იჯარის გახანგრძლივება აღარ მოისურვა.