დიდი დანაკლისი - სივასპორს ბათუმის დინამოსთან მთავარი ლიდერი არ ეყოლება!
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ სივასპორს ბათუმის დინამოსთან გუნდის მთავარი ვარსკვლავი არ ეყოლება.
საუბარია კოტ'დივუარელ მაქს გრადელზე, რომელიც თავის ქვეყანასთან ერთად ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს. იგი ორივე შეხვედრას გამოტოვებს.
მაქს გრადელი სივასპორის 33 წლის გარემარბია, რომელიც თურქულ გუნდში 2020 წლის აგვისტოდან თამაშობს. ამ პერიოდში სივასპორის მაისურით 39-ჯერ ითამაშა, 15 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბათუმის დინამომ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ბატე ორი მატჩის ჯამში 4-1 დაამარცხა.
გია გეგუჩაძის გუნდი პირველ მატჩს 5 აგვისტოს საკუთარ მოედანზე გამართავს, ხოლო თურქეთში სივასპორს 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.