ავტორიზაცია

მხარეები მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრნენ - სასუოლოს და იუვენტუსის მესამე შეხვედრაც წარუმატებელი აღმოჩნდა

მხარეები მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრნენ - სასუოლოს და იუვენტუსის მესამე შეხვედრაც წარუმატებელი აღმოჩნდა
თარიღი 31 ივლ 2021, 16:18

„სასუოლოს“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის თაობაზე რამდენიმე შემოთავაზება გააჩნია, თუმცა ფეხბურთელის გადაბირების ფავორიტად ტურინის „იუვენტუსი“ მოიაზრება.

თუმცა, „ფავორიტის“ სტატუსს „იუვენტუსი“ მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებს, რომ 23 წლის ნახევარმცველს თავად სურს ტურინულ გუნდში კარიერის გაგრძელება. ფინანსური თვალსაზრისით, „იუვე“ და „სასუოლო“ შეთანხმებისგან ჯერ ძალიან შორს არიან.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, 2021 წლის 30 ივნისს „იუვენტუსსა“ და „სასუოლოს“ შორის კიდევ ერთი შეხევდრა შედგა ლოკატელის ტრანსფერის თაობაზე, თუმცა მხარეებმა მკვდარი წერტილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს.

„სასუოლო“ იჯარის ვარიანტს კატეგორიულად უარყოფს, მითუმეტეს ორწლიანის, თუნდაც ის სავალდებულო გამოსყიდვას ითვალისწინებდეს. გუნდს მხოლოდ გაყიდვა აინტერესებს, ახლავე და აქვე.

„ნეროვერდის“ პრეზიდენტმა თავადაც დაადასტურა, რომ „არსენალი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ კარგ შემოთავაზებას აკეთებს, თუმცა „იუვენტუსს“ ამ მოლაპარაკებებში ამ დრომდე მხოლოდ ის ტოვებს, რომ ეს კლუბი თავად ლოკატელისთვის არის პრიორიტეტული.

შეხვედრის ბოლოს ტურინელებმა დასაფიქრებლად 3-4 დღე ითხოვეს, რათა სამომავლო ქმედებები განიხილონ. ერთადერთი, რაც „ბებერი სინიორას“ უფროსობამ მოახერხა ბოლო შეხვედრაზე - ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვის პროცენტია - თავდაპირველად „სასუოლო“ თანხის 25%-ს ითხოვდა, თუმცა მხარეები 15%-ზე შეთანხმდნენ.