ტოტენჰემი 50 მილიონად ატალანტას მცველს იმატებს, ბერგამოელები კი მის შემცვლელად იუვენტუსის ფეხბურთელს წამოიყვანენ
„ატალანტას“ არგენტინელი მცველი, კრისტიან რომერო კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.
ლონდონურმა კლუბმა 50+5 მილიონიანი შემოთავაზება იტალიელებს ოფიციალურად გაუკეთა და ბერგამოელები მას დათანხმდნენ, რადგან არგენტინელმა ფეხბურთელმა თავად განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს.
პრესა ამბობდა, რომ რომეროსთვის „ბარსელონაც“ იბრძოდა, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიელებს არგენტინელის შეძენა არც უცდიათ.
თავის მხრივ „ატალანტა“ რომეროს ნაცვლად „იუვენტუსიდან“ თურქ მცველს მერიჰ დემირალს ინათხოვრებს და მისი 30 მლნ ევროდ გამოსყიდვის საშუალებაც ექნება.
უახლოეს პერიოდში ყველა მხარე საბუთებს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ორივე ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.