ჭკუის შემშლელი შეთავაზება ინტერს - ლუკაკუს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება
ლონდონის „ჩელსი“ „ინტერის“ ფორვარდის რომელუ ლუკაკუს შეძენას აქტიურად ცდილობს.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ წერს, ლონდონელები „ნერაძურისთვის“ ახალ შეთავაზებას ამზადებენ.
„ჩელსი“ „ინტერს“ დაახლოებით 130 მილიონ ევროს შესთავაზებს, თავად ფეხბურთელს კი წლიურად 12 მილიონ ევროს გადაუხდის.
„ინტერი“ ამ შემოთავაზებას ელოდება, რომლის მიღების შემდეგაც, ლუკაკუსთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას ფეხბურთელის მომავლის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნებით დაინტერესებულია.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეთავაზება, რომლითაც „ჩელსიმ“ „ინტერს“ მიმართა იყო 100 მილიონი ევრო და მარკოს ალონსო, თუმცა მილანელებმა ის უარყვეს, რადგან მათი პრიორიტეტი ისევ ლუკაკუს შენარჩუნებაა.
მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ნამდვილად არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს ბელგიელი გიგანტი „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდეს.
„ჩელსის“ საკუთრება ლუკაკუ 2011-2014 წლებში იყო, თუმცა ამ პერიოდში ორჯერ გუნდი იჯარით დატოვა, ბოლოს კი ის „ევერტონმა“ გამოისყიდა კიდეც.