ავტორიზაცია

სარეზერვო გუნდისთვის მოყვანილი მეკარე, რომელიც პირველ გუნდზე აცხადებს რეალურ პრეტენზიას - ცნობილი გამოცემა მამარდაშვილზე წერს

სარეზერვო გუნდისთვის მოყვანილი მეკარე, რომელიც პირველ გუნდზე აცხადებს რეალურ პრეტენზიას - ცნობილი გამოცემა მამარდაშვილზე წერს
თარიღი 05 აგვ 2021, 19:34

ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo „ვალენსიას“ ქართველ გოლკიპერზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს.

7 ივნისს „ვალენსიამ“ ოფიციალურად დაადასტურა „დინამო თბილისის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის იჯარით აყვანა, რომლის გამოსყიდვაც ერთ მილიონ ევროდ შეუძლია.

მამარდაშვილმა გასულ სეზონში მშობლიური ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშა და ევროპა ლიგაზეც ჰქონდა პრაქტიკა (ითამაშა „გრანადას“ წინააღმდეგ). თავდაპირველად, ის გუნდ „მესტალიას“ ვარიანტად განიხილებოდა, რომელიც ახლახანს მეხუთე დივიზიონში გავარდა. თუმცა, ბოლო კვირებში მან ყველას ყურადღება მიიპყრო.

წინასასეზონო მომზადების დროს მან თავისი თამაშით იდეალურად გამოიყენა გუნდის ძირითადი მეკარეების, იასპერ სილესენის და ხაუმე დომენეკის ტრავმები და ყველას დაანახა, რომ ქართველი მეკარე პირველი გუნდისთვის რეალური ვარიანტია.

ბოლო ორ მატჩში, „ლევანტესთან“ და გუშინ „მილანთან“, ყველას დაანახა რომ ამ მაღალ გოლკიპერს (197 სანტიმეტრი) კარგი რეფლექსები, სისწრაფე და სისხარტე გააჩნია, გარდა ამისა, 20 წლის ასაკის მიუხედავად, ის ცივსისხლიანია და ფეხითაც კი კარგად თამაშობს. ბოლო ორ მატჩში მან კარი მშრალად შეინახა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ აისახება მამარდაშვილის თამაში „ვალენსიას“ მოქმედებას სატრანსფერო ბაზარზე. „ღამურებს“ გუნდიდან სილესენის გაშვება მისი ტრავმატულობისა და მაღალი ხელფასის გამო სურთ - გუნდში გადმოსვლის შემდეგ, მან თავისი თამაშით მაღალი ანაზღაურება ვერ გაამართლა. გარდა ამისა, ახლახანს კონტრაქტი გააფორმა მესამე მეკარე კრისტიან რივერომ, გასახდელის ერთ-ერთ ლიდერ ხაუმე დომენეკს კი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.

აშკარაა, რომ ერთ-ერთი მათგანი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს, იქნება ეს ტრანსფერი თუ უბრალო იჯარა. თუმცა, ასევე აშკარაა, რომ მამარდაშვილი დარჩება, მითუმეტეს მისი წინასასეზონო მომზადების დროს ნაჩვენები თამაშის გამო.