მესიმ გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო — რომელი ფეხბურთელები ეწვივნენ არგენტინელს?
"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიელთა ფეხბურთელები და მათი ოჯახები გამოსამშვიდობებელ ვახშამზე მიიწვია, იტყობინება Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელთან სერხიო აგუერო, სერხიო ბუსკეტსი, ხერარდ პიკე და ხორდი ალბა მივიდნენ. უცნობია, იყო თუ არა ვახშამზე კატალონიელთა რომელიმე სხვა მოთამაშე.
მოგეხსენებათ, მესის "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა 1 ივლისს ამოეწურა. 5 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.
როგორც აღინიშნება, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.
პარიზული კლუბი მესის 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით. ახალ კლუბში ლეოს წლიური ანაზღაურება 50 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების ჩათვლით.