ქართველი თურქთან ბრძოლაში ქართველისკენ არ იყო - დინამო ბათუმის მარცხი სხვა კუთხიდან
საქართველოს წარმომადგენლებისთვის ევროტურნირები დასრულდა, კვლავ ნაადრევად. ბოლო გუნდი, რომელიც ევროპაში ჩვენი ქვეყნის სახელს წარმოადგენდა ბათუმის დინამო იყო, რომელიც კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში თურქულ სივასპორთან დამარცხდა.
გია გეგუჩაძის გუნდი ორმატჩიან დაპირისპირებაში სივასპორზე სუსტი არ ყოფილა, თუმცა ვერცერთი შეხვედრა ვერ მოუგო. ბათუმში 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 წავაგეთ, სივასში კი 90 წუთი 0-1 მოვიგეთ, დამატებითებში კი 110-ე წუთზე გავუშვით.
აღნიშნული მატჩის წინ ბათუმის დინამოსთვის რამდენიმე პრობლემამ მოიყარა თავი, რაზეც აღნიშნულ სტატიაში ვისაუბრებ.
1) პირველ რიგში იმან, რომ ბოლო წლების მთავარმა მტერმა კორონავირუსმა სივასპორთან მატჩის პირველ ეტაპზე გუნდს გიორგი ზარია გამოაკლო, მეორე შეხვედრის წინ კი მეკარე ლაზარე კუპატაძე, თუმცა ამ უკანასკნელის არყოფნა საპასუხო შეხვედრაში აჭარლებს არ დატყობიათ იმ დონის საუცხოო მატჩი ჩაატარა გუნდის მეორე მეკარემ, მიხეილ ალავიძემ.
2) 5 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის დინამოს აღნიშნულ პერიოდში 3 შეხვედრის ჩატარება მოუწია. 2-ჯერ სივასპორთან, ხოლო 8 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატში სამტრედიას წინააღმდეგ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონებმა იმერლებს მატჩის დროებით გადადების თხოვნით მიმართეს, რათა ამ ინტერვალში ფეხბურთელებს ძალები აღედგინათ და ამასთანავე, წამყვანი მოთამაშეების დამტვრების რისკი არ ყოფილიყო საპასუხო თამაშის წინ, რაზეც სამტრედიელებისგან უარი მიიღეს. აღნიშნული მატჩი ბათუმის დინამომ 3-1 მოიგო.
3) მესამე პრობლემა სწორედ მეორე პუნქტიდან გამომდინარე წარმოიშვა. სამტრედიასთან ჩატარებულ მატჩში ბათუმის დინამოს ერთ-ერთ ლიდერ ფლამარიონ ჯოვინოს მარჯვენა ფეხის უკანა კუნთზე სპაზმი ჰქონდა, რის გამოც პირველ ტაიმში მისი იძულებით შეცვლა მოუწიათ, თუმცა ფეხბურთელმა ძალები მაქსიმალურად მოიკრიბა და სივასპორთან ითამაშა - არც კარგად, არც ცუდად, თუმცა... აქ ერთი დიდი თუმცაა, რომელიც ვფიქრობ, ქართველმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს...
ფლამარიონ ჯოვინომ სივასპორთან მატჩი ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით, ძლიერი ტკივილის ფონზე ითამაშა. სამტრედიასთან მიღებული ტრავმის გამო მარჯვენა ფეხი 24 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს იმდენად სტკიოდა, რომ მარჯვენა ფეხით დარტყმის შესრულება და გრძელი გადაცემის გაკეთება უჭირდა. ამის გამო პირველი ტაიმის ბოლოს შექმნილი მომენტი მარცხენა ფეხზე გადაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა, მარჯვენა ფეხით ძალიან ცუდად დაარტყა... გია გეგუჩაძემ რაღაც პერიოდის შემდეგ ფლამარიონი მოედნიდან გაიყვანა...
4) გია გეგუჩაძის გუნდმა სივასპორთან საპასუხო მატჩი 90 წუთში მოიგო და საკმაოდ მაღალ დონეზეც ითამაშეს, თუმცა გამოჩნდა, რომ აჭარლები 120 წუთის სათამაშოდ მზად არ იყვნენ, დამატებით დროში შეცდომებმა დაღლის გამო იმატა. შესაძლოა, ის ენერგია, რომელიც ევროპაში საქართველოს წარმომადგენელს 120 წუთიან დაპირისპირებაში უნდა გამოეყენებინა, რამდენიმე დღის წინ სამტრედიამ დაახარჯვინა. იმერელთა წინააღმდეგ მინიმუმ 45 წუთი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა ითამაშა.
აღნიშნულ სტატიაში არ ვამბობთ იმას, რომ სამტრედიას ბათუმის დინამოსთვის მატჩი აუცილებლად უნდა გადაედოთ და იმერლებს ჰქონდათ ყველანაირი საფუძველი უარის თქმის და მოედანზე გასვლის, თუმცა მაშინ, როცა ამ ეტაპზე და ასეთ პრინციპულ მეტოქესთან ბათუმის დინამოს 1 კვირის ინტერვალში სათამაშო ჰქონდა, სამტრედიამ აჭარლებს შეხვედრის გადადებაზე უარი უთხრა... როგორც ჩანს, ქართველი თურქთან ბრძოლაში ქართველისკენ არ იყო...
რაც შეეხება საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციებს, ბათუმის დინამოს ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა, მათ ძალიან განიცადეს, რომ ბატეს შემდეგ, კვლავ ახლოს იყვნენ ერთ დიდ ქამბექთან, უბრალოდ არის მომენტები, როცა თავს ზემოთ ძალა არაა... ბათუმის დინამო სივასპორთან 120-წუთიანი დაპირისპირებისთვის მზად არ აღმოჩნდა.