VIDEO: ჰოლანდის დუბლი და სამი ასისტი! — დორტმუნდმა შინაურ კედლებში აინტრახტი არ დაინდო

გერმანიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "სიგნალ იდუნა პარკზე" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5:2.
შეხვედრაში პირველი გოლი 23-ე წუთზე მარკო როისმა ერლინგ ჰოლანდის გადაცემით გაიტანა, ზუსტად ოთხ წუთში "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ფელიქს პასლაკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა.
მიუხედავად ამისა, ბორუსიელები მალევე კვლავ დაწინაურდნენ - 32-ე წუთზე ჯერ ტორგან აზარმა გაიტანა, კვლავ ჰოლანდის გადაცემით, ხოლო 34-ე წუთზე თავად ნორვეგიელმა ფორვარდმა გამოიჩინა თავი.
მეორე ნახევრის შუაში, 58-ე წუთზე ერლინგმა რიგით მესამე ასისტი მიითვალა - თავისი გოლი ჯოვანი რეინამაც შეაგდო. 70-ე წუთზე კი ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.
საბოლოო შედეგი 86-ე წუთზე ახალგაზრდა ფორვარდმა, იენს ჰაუგემ დააფიქსირა, რომელიც "აინტრახტში" ამ ზაფხულს "მილანიდან" იჯარით გადაბარგდა.
მომდევნო მატჩს "დორტმუნდი" 17 აგვისტოს გამართავს, ბორუსიელები გერმანიის სუპერთასის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან.
ვიდეომიმოხილვა