ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? ქართველი ლეგიონერები ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის შესარჩევზე

რას ვუყუროთ დღეს? ქართველი ლეგიონერები ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის შესარჩევზე
თარიღი 19 აგვ 2021, 10:16

დღეს, საღამოს 20:00 საათიდან გაიმართება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები. მოედანზე ველით არაერთ ქართველ ლეგიონერს. მივყვეთ თანმიმდევრობით.

გიორგი ჩაკვეტაძე

ჩაკვეტაძის "გენტი" კონფერენს ლიგაზე ეთამაშება "რაკოვს", სწორედ იმ გუნდს, რომელმაც წინა ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინი" გამოაგდო. სწორედ ჩესტოკოველებმა ჩაშალეს ქართული დერბი.

ჯაბა კანკავა/გურამ კაშია

კანკავასა და კაშიას "სლოვანს" მოწინააღმდეგედ თვით "ოლიმპიკაოსი" ჰყავს. პირეოსელები აქ ჩემპიონთა ლიგაზე "ლუდოგორეცის" ბარიერის ვერ გადალახვის შედეგად მოხვდნენ.

დავით ხოჭოლავა

ხოჭოლავას "კოპენჰაგენის" მოწინააღმდეგე იქნება ჩვენთვის მტკივნეულად გასახსენებელი "სივასპორი", რომლის დასამარცხებლად "დინამო ბათუმს" სულ ცოტა დააკლდა.

ოთარ კიტეიშვილი

ეს არის "შტურმის" პირველი შეხვედრა ევროთასებზე მიმდინარე სეზონში და მოწინააღმდეგე "მურა" იქნება. სლოვენიელები აქამდე დამარცხდნენ "ლუდოგორეცთან", შემდეგ კი "ჟალგირისი" იქნა დამარცხებული.

გიორგი ლორია

იყო დრო, როდესაც "ანორთოსისში" თამაშობდა ქართული მთელი დიასპორა, თუმცა ახლა ამ გუნდში დარჩა ორი ჩვენიანი - თემურ ქეცბაია, როგორც მთავარი მწვრთნელი და გიორგი ლორია, როგორც გუნდის უცვლელი მთავარი მეკარე. ფამაგუსტელთა მეტოქე "ჰაპოელ ბერ შევა" იქნება.

ნიკა ნინუა

ნინუა ვერ ხვდება "პაოკის" ძირითად შემადგენლობაში და ის უდიდესი ალბათობით განაცხადშიც არ იქნება. ამის მიუხედავად, სალონიკელთა შეხვედრა "რიეკასთან" მაინც მხედველობაში ვიქონიოთ.

20:00 - რაკოვი-გენტი

21:00 - ჰაპოელ ბერ შევა-ანორთოსისი

22:00 - სივასპორი-კოპენჰაგენი

22:00 - მურა-შტურმი

22:00 - პაოკი-რიეკა

23:00 - ოლიმპიაკოსი-სლოვანი