არც პრეზიდენტი და არც ხელმძღვანელობა - მბაპეს მომავალი სულ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანის ხელშია
„პსჟ-ს“ ფორვარდს კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ ამ ზაფხულსვე გადასვლა კვლავაც სურს.
ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზელთა ყველა შეთანხმება უარყო კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე და ხელმძღვანელობას პირადად უთხრა, რომ კარიერის გაგრძელება მადრიდში სურს.
მიუხედავად იმისა, რომ მბაპე „რეალის“ მთავარი სამიზნეა, კლუბმა მოლაპარაკებების პროცესში აგენტების და შუამავლების მომსახურებაზე უარი თქვა.
Marca-ს ინფორმაციით, „რეალმა“ „პსჟ-ს“ არანაირი შეთავაზებით სპეციალურად არ მიმართა, ნაცვლად ამისა ფლორენტინო პერესი მოლაპარაკებებს პირადად „პსჟ-ს“ მფლობელთან და ყატარის ემირთან, ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანისთან აწარმოებს.
შესაბამისად, მბაპეს გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორედ ჰამად ალ ტანიმ უნდა მიიღოს - არც „პსჟ-ს“ პრეზიდენტმა და არც ვინმე სხვამ, სწორედ ყატარის ემირის ხელშია 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის მომავალი.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მბაპეს „პსჟ-ს" პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან ჰქონდა შეხვედრა, რომელზეც შეახსენა ის შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის 2017 წელს, კონტრაქტის დადებისას დაიდო - თუ კილიანს წასვლა მოუნდება, კლუბი მას წინ არ აღუდგება.