ევრო 2020-ს ფინალს კორონავირუსით ინფიცირებული 2 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო, თამაშის შემდეგ კიდევ 3 ათასზე მეტი დაინფიცირდა
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრების მატჩების დროს, კორონავირუსის გავრცელების საკითხი განიხილა.
ტურნირის მსვლელობისას „უემბლიზე“ 8 მატჩი ჩატარდა. როგორც ირკვევა, ამ მატჩებზე 3036 ადამიანი კოვიდინფიცირებული მივიდა, კიდევ 6376 ადამიანი კი მატჩების დროს დაინფიცირდა.
ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რიცხვი ტურნირის ფინალზე გამოვლინდა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა ინგლისს პენალტების სერიაში მოუგო.
ლონდონში გამართულ გადამწყვეტ მატჩს კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 2295 ადამიანი დაესწრო. კიდევ 3404 ფინალის შემდეგ რამდენიმე დღეში გახდა ავად და ნავარაუდებია, რომ ისინიც „უემბლიზე“ დაინფიცირდნენ.
ჯამში ფინალურ მატჩს დაახლოებით 67 ათასი ადამიანი დაესწრო.
გამოძიების ავტორებმა დაადგინეს, რომ ევრო 2020-მა და ინგლისის ნაკრების მიერ ფინალში გასვლამ ბრიტანეთის მოსახლეობისთვის დამატებითი რისკი გააჩინა, თუნდაც მაშინ, როცა მათი ნაკრები საზღვარგარეთ თამაშობდა (ასეთი რაღაც მხოლოდ ერთხელ მოხდა - უკრაინასთან ¼-ფინალში - ავტ.).