ავტორიზაცია

"მამარდაშვილმა გაიმარჯვა პირველ ბრძოლაში სილესენის წინააღმდეგ" - ესპანური გამოცემა

"მამარდაშვილმა გაიმარჯვა პირველ ბრძოლაში სილესენის წინააღმდეგ" - ესპანური გამოცემა
თარიღი 22 Aug 2021, 14:17

ლა ლიგის მეორე ტურის მატჩში "გრანადა" "ნუევო ლოს კარმენესზე" "ვალენსიას" დაუხვდა და ფრედ 1:1 ეთამაშა.

"ღამურების" რიგებში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მე-16 წუთზე ლა ლიგაში პირველი გოლი ლუის სუარესისგან გაუშვა. მთლიანობაში, ქართველმა კიპერმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და 64-ე წუთზე, როდესაც ანდალუსიელები 1:0-ს იგებდნენ, მაქსიმ გონალონს ახლო მანძილიდან რთული თავური აუღო და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

20 წლის ქართველი მეკარის თამაშს გამოეხმაურა ესპანური გამოცემა Eldesmarque.Com, რომლის სტატიის სათაურიცაა - "მამარდაშვილმა გაიმარჯვა პირველ ბრძოლაში სილესენის წინააღმდეგ."

როგორც მოგეხსენებათ, პრე-სეზონის პერიოდში "ღამურების" ორმა წამყვანმა კიპერმა იასპერ სილესენმა და ხაუმე დომენეკმა ტრავმები მიიღეს, რის შემდეგაც სათამაშო დრო "მესტალიას" აღზრდილმა კრისტიან რივერომ და ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა მიიღეს. ქართველმა კიპერმა შანსი უკეთ გამოიყენა - განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგის კარგი თამაში "ტროფეო ნარანხას" მატჩზე "მილანის" წინააღმდეგ, როდესაც ქართველმა რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხა და პენალტების სერიაში, ოთხიდან სამი დარტყმის კუთხე გამოიცნო. 

გიორგის კარგი გარჯა დაუფასდა. დომენეკი კვლავ ლაზარეთშია, ხოლო სილესენი წინა კვირას გამოჯანმრთელდა, მაგრამ "ხეტაფესთან" მატჩამდე სრულფასოვნად ვარჯიში ვერ მოახერხა და მამარდაშვილმა პირველივე ტურში ითამაშა, თანაც ბრწყინვალედ. არაერთმა გამოცემამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რამდენიმე გამოცემის ვერსიით მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდშიც, ხოლო ლა ლიგის ოფიციალურმა იუთუბ გვერდმა "ხეტაფესთან" 93-ე წუთზე განხორციელებული სეივი, პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებად დაასახელა.

გიორგის კარგი თამაშის მიუხედავად, მისი ამოცანა გართულდა, რადგან იასპერ სილესენი ბოლომდე გამოჯანმრთელდა, სრულფასოვნადაც ივარჯიშა და ხოსე ბორდალასი დიდი დილემის წინაშე დადგა: "იასპერ სილესენი, რომელსაც სეზონის დაწყებამდე პირველ მეკარედ ასახელებდა, თუ ახალწვეული გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პრე-სეზონზე და პირველ ტურში ბრწყინვალე თამაში აჩვენა და "მესტალიური" პუბლიკისგან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ვნახოთ, რას წერს Eldesmarque.Com "გრანადასთან" ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრის შემდეგ:

"ხოსე ბორდალასმა კიდევ ერთხელ დადო ფსონი გიორგი მამარდაშვილზე და "ვალენსიას" კარში ის გაამწესა. "გრანადასთან" მატჩის წინ, სერიოზული ეჭვები და კითხვის ნიშნები იყო, თუ როგორი იქნებოდა მწვრთნელის არჩევანი, რომელიც ქართველს კიდევ ერთხელ ენდო და მანაც კიდევ ერთხელ აჩვენა აჩვენა შესანიშნავი თამაში "ნუევო ლოს კარმენესზე". 

მამარდაშვილს უკვე აქვს ორი კარგი თამაში ლა ლიგაში "ღამურებთან" ერთად. ქართველი მეკარისადმი ნდობა, რომელიც ბორდალასს პრე-სეზონის პერიოდში გაუჩნდა, გრძელდება. 20 წლის გოლკიპერი ინარჩუნებს იმ ტემპს, რომლითაც "ლოს ჩეში" ასპარეზობა დაიწყო. "გრანადასთან" მატჩი მამარდაშვილისთვის რთული იყო. სილესენის დაბრუნება თითქოს შეამცირა იმის შანსი, რომ გიორგი კვლავ სასტარტოში ყოფილიყო, მაგრამ ალიკანტეელმა სპეციალისტმა ქართველს "ხეტაფესთან" ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში დაუფასა და კვლავ მას ანდო "ღამურების" კარი. "გრანადასთან" გაშვებული გოლის მიუხედავად, მამარდაშვილმა მწვრთნელს უპასუხა კარგი თამაშით. სილესენისთვის საკმაოდ რთული იქნება ძველი პოზიციების დაბრუნება.

საქართველოში დაბადებულმა მეკარემ გუშინ პირველი გოლი გაუშვა ლა ლიგაში, რომელიც მოჰყვა "გრანადას" ძალიან კარგ კონტრშეტევას და ლუის სუარესის შესანიშნავ დაბოლოებას. ამ გოლში მამარდაშვილს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. პირველ ტაიმში მას ბევრი საქმე არ ჰქონია, რადგან "გრანადას" მეტჯერ კარში არც დაურტყამს.

აი, მეორე ტაიმში კი ვითარება შეიცვალა, "გრანადამ" თამაში გამოასწორა და თავადაც შეუტია. გიორგიმ რამდენჯერმე არაზუსტი გადაცემა გააკეთა, თუმცა ეს მთავარი არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, მამარდაშვილი კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა "გრანადასთან" ქულის მოსაპოვებლად."

სტატიის ბოლოს, ავტორი კვლავ მამარდაშვილის "ხეტაფესთან" შესანიშნავ თამაშს იხსენებს და ამბობს, რომ მან წინა მატჩში "მესტალიაზე" იმედის სხივივით შეანათა. 

შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს "მესტალიაზე" "ალავესის" წინააღმდეგ გამართავს.