BREAKING: კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ სიტიში სურს გადასვლა - L'Equipe
ფრანგული გამოცემა L’Equipe მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.
კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელება პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ სურს - დიახ, არ მოგესმათ, მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედური“ წარსულისა, პორტუგალიელი ფეხბურთელი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლას არ გამორიცხავს, თუ ფრანგულ საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ.
პორტუგალიელ ფეხბურთელს „იუვენტუსიდან“ აბარგება საკმაოდ დიდი ხანია სურს და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ამის განხორციელებას აქტიურად ცდილობს. არაერთხელ დაიწერა, რომ პორტუგალიელი ხან „რეალს“ დაუკავშირდა, ხან „პსჟ-ს“ და ახლა, როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტისაც“ კი.
„ქალაქელებისთვის“ პრიორიტეტი იგივეა - ჰარი კეინი, რომლის შეძენაც პეპ გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო მიზანია. თუმცა, თუ ფანჯრის დახურვამდე ინგლისელის შეძენა ვერ მოხერხდა, გუნდმა შესაძლოა ყურადღება რონალდუზე მართლაც გადაიტანოს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა, საიდანაც შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა.