ავტორიზაცია

"როგორ მოხვდა მამარდაშვილი ვალენსიაში" - ესპანური გამოცემა გიორგის ტრანსფერის დეტალებზე

"როგორ მოხვდა მამარდაშვილი ვალენსიაში" - ესპანური გამოცემა გიორგის ტრანსფერის დეტალებზე
თარიღი 24 Aug 2021, 22:22

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ლა ლიგის პირველი ორი ტურის მთავარი აღმოჩენა "ვალენსიას" ქართველი კიპერი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც "მესტალიაზე" მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, თუმცა ძალიან მოკლე დროში ისე მოხდა, რომ გიორგიმ სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დიდი შანსია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს.

გიორგიმ ბრწყინვალედ გამოიყენა შანსი, რომელიც იასპერ სილესენის და ხაუმე დომენეკის ტრავმების შედეგად მიიღო, ამხანაგურ მატჩებში კი კრისტიან რივეროზე უკეთ წარმოაჩინა თავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი "ტროფეო ნარანხაზე" "მილანთან" ჩატარებული შეხვედრა გახლავთ, რასაც "ხეტაფესთან" ჩატარებული ბრწყინვალე მატჩი მოჰყვა, სადაც 93-ე წუთზე ბრწყინვალე სეივი განახორციელა და "ღამურებს" 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა, რაც ხოსე ბორდალასმა ქართველს დაუფასა და მეორე ტურში "ღამურების" კარი სწორედ მას ანდო, მიუხედავად იმისა, რომ იასპერ სილესენი უკვე გამოჯანმრთელებული გახლდათ და კვირის განმავლობაში სრულფასოვნადაც ივარჯიშა. მამარდაშვილმა "გრანადასთან" მატჩშიც კარგად წარმოაჩინა თავი და მაშინ, როდესაც "ღამურები" 1:0-ს აგებდნენ, მაქსიმ გონალონს ახლო მანძილიდან რთული თავური აიღო. ესპანურ პრესაში ვარაუდობენ, რომ გიორგი 27 აგვისტოს "მესტალიაზე" "ალავესთან" გასამართ მატჩშიც ძირითადში იქნება. 

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლავთ, რომ მამარდაშვილის გვარს ესპანური პრესის ფურცლებზე ხშირად წავაწყდებდით. "მილანთან" მატჩიდან მოყოლებული დღემდე გიორგიზე არაერთმა პრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემამ დაწერა საქებარი სტატია, არაერთმა ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გამოთქვა აზრი მის თაობა, მათ შორის ლეგენდარულმა სანტიაგო კანისარესმა, რომელმაც ქართველი კიპერი შეაქო და აღნიშნა, რომ ამ გადმოსახედიდან გიორგი პირველ მეკარეობას იმსახურებს.  

ამჯერად, გიორგის ყურადღება დაუთმო Cadenaser.Com-მა, რომელმაც ძალიან საინტერესო სტატია შემოგვთავაზა და გაგვაცნო 20 წლის მეკარის ტრანსფერის დეტალები - როგორ მოხდა მამარდაშვილის "ღამურებში" გადახდა, რომელი ესპანური გუნდი ინტერესდებოდა მისი დამატებით, რატომ ჩაიშალა ეს ტრანსფერი და ასევე, რას აპირებს "ლოს ჩე" ქართველის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

მოდით, ვნახოთ, თუ რას წერს ზემოხსენებული გამოცემა:

როგორც Caden Ser-მა შეიტყო, გიორგის დამატება "ვალენსიამდე" სხვა ესპანურ გუნდსაც სურდა - ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ "ფუენლაბრადას", რომელიც მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში "ფუენლაბრადამ" მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდის 21 წლის მეკარის დიეგო ალტუბეს იჯარით დამატება გადაწყვიტა, ხოლო გიორგი "მესტალიაში" ანუ "ვალენსიას" მეორე გუნდში ჩაირიცხა იჯარით, მხოლოდ 50 000 ევროდ. 

მამარდაშვილი არის ახალგაზრდა ქართველი მეკარე, რომლის სატრანსფერო უფლებები თბილისის "დინამოს" ეკუთვნის. მეკარე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თავისი ქვეყანა, ეთამაშა მაღალი დონის ევროპულ პირველობაზე და აესრულებინა თავისი ოცნება. 

ორ თვეში გიორგიმ ძალიან ბევრი მოასწრო და მიაღწია იმდენს, რაც ბევრისთვის საერთოდ მიუღწეველია. მას უკვე ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, როდესაც "მესტალიაზე" დებიუტი ჰქონდა "მილანის" წინააღმდეგ.

"მილანთან" ნაჩვენები ძალიან კარგი თამაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფესთან" მატჩში, სადაც მან ბრწყინვალე თამაში აჩვენა, შემდეგ კი "გრანადასთან" წარმოაჩინა თავი კარგად და კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს დაამახსოვრდა თავი, რომლებსაც აინტერესებთ თუ საიდან მოვიდა ეს გიგანტი "ვალენსიაში", რომლის გამოც ბევრი ალბათ თავში ხელებს ირტყამს, რომ მისი ტრანსფერი არ განახორციელეს.

მამარდაშვილის ისტორია 2021 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც მისმა აგენტებმა შესთავაზეს ესპანურ საფეხბურთო გუნდებს და აგენტებს 20 წლის მეკარის იჯარით აყვანის შესაძლებლობა, რომელმაც ყურადღება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში "გრანადასთან" მატჩში მიიპყრო, როდესაც ევროპა ლიგის მატჩში შესანიშნავი თამაში აჩვენა და არაერთი რთული ბურთის მოგერიება შეძლო. მაშინ მისი სატრანსფერო ღირებულება 250 000 ევროს არ აღემატებოდა და ეს იყო კარგი სიგნალი სკაუტებისთვის, რომელთაც იაფად შეეძლოთ მისი აყვანა. 

სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მამარდაშვილის სამსახურით "ფუენლაბრადა", რომელიც სერიოზულად ფიქრობდა ქართველი მეკარის დამატებაზე და იმ მეკარეების მოკლე სიაში იყო, რომელთა შეძენაზეც კლუბი ფიქრობდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ "ფუენლაბრადამ" მადრიდის "რეალიდან" დიეგო ალტუბეს დამატება არჩია. 

გიორგი მამარდაშვილის ესპანეთში თამაშის ოცნება ქრებოდა და რუკაზე სხვა ქვეყნები უნდა გამოჩენილიყო, როდესაც იმ გაურკვეველ მომენტში "ვალენსიას" ახალგაზრდული გუნდის დირექტორმა მარკო ოტერომ დაიჟინა, რომ ქართველი მეკარე მესამე დივიზიონის "მესტალიასთვის" იჯარით აეყვანათ. კრისტიან რივეროსთან კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, ოტერომ კლუბის ხელმძღვანელობა დაითანხმა, რომ ქართველის იჯარაში 50 000 ევრო გადაეხადათ. 

რამდენიმედღიანი კლუბის შიდა ანალიზის და ხოსე ბორდალასის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, "ვალენსიას" პრეზიდენტმა ანილ მურტიმ და მიგელ ანხელ კორონამ ოტეროს ნება დართეს, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი განეხორციელებინა. გეგმა იყო, რომ მამარდაშვილს ეთამაშა "მესტალიაში", როემლიც მესამე დივიზიონში ასპარეზობს და ასევე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მიეცემოდა. პირველ ეტაპზე გეგმაში სწორედ ეს იყო და სხვა დაპირება არ ყოფილა.

მამარდაშვილმა მიიღო ეს გამოწვევა და "ვალენსიაში" ჩავიდა მეოთხე მეკარის სტატუსით და ძირითად გუნდში ამხანაგურ მატჩებში თამაშის მცირე შესაძლებლობით, სანამ 19 ივლისს სილესენმა მარჯვენა მუხლის ტრავმა არ მიიღო, მალევე კი ხაუმე დომენეკიც დაშავდა და "ღამურებს" პრე-სეზონზე ორი მეკარე დარჩათ - კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი. 

"მამა", როგორც მას ეძახდნენ თბილისის "დინამოს" აკადემიაში, მშვიდად ელოდა თავის რიგს. ორკვირიანი მკაცრი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, მწვრთნელები და თანაგუნდელები ხვდებოდნენ ქართველი მეკარის დონეს და 27 ივლისს ხოსე ბორდალასმა გიორგის უთხრა, რომ სწორედ მას უნდა დაეწყო სასტარტო თერთმეტეულში თამაში ამხანაგურ მატჩში "კარტახენას" წინააღმდეგ. სწორედ ამ მატჩით დაიწყო გიორგისთვის ისტორიის დაწერა, რომელიც გაგრძელდა "ხეტაფესთან" მატჩში, როდესაც მისი ლა ლიგაში დებიუტი შედგა, ხოლო "გრანადასთან" შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ესპანეთთან და კოვოსთან მატჩებისთვის ნაკრებში უხმო.

როგორც Cadena Ser წერს, "ვალენსიას" სურს, რომ უახლოეს კვირებში დაასრულოს მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა და ამისთვის 800 000 ევროს გადახდას აპირებს, რის შემდეგაც მამარდაშვილთან ხელახლა მოხდება კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება და მისი გამოსასყიდი თანხა მინიმუმ 15 მილიონი ევრო იქნება.