სატრანსფერო სიგიჟეები გრძელდება! რონალდუს ინგლისში დაბრუნება დროის ამბავია, იუვენტუსმა შემცვლელზე მუშაობა დაიწყო

კრიშტიანუ რონალდუს ტურინული ვოიაჟი დასრულებულია!
ერთდროულად ორი ავტორიტეტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო და ფაბრიციო რომანო ადასტურებენ, რომ პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ მაისურით აღარ ითამაშებს.
36 წლის ვარსკვლავმა „იუვენტუსს“ გუნდიდან გაშვება ოფიციალურად სთხოვა და უახლოეს მატჩში მონაწილეობასაც აღარ მიიღებს.
ამ ეტაპზე რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში „მანჩესტერ სიტისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს და სავარაუდოდ, „ქალაქელები“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დათანხმდებიან იმის გადახდას, რასაც „იუვენტუსი“ ითხოვს - საუბარია 30 მილიონ ევროზე.
ავტორიტეტულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი „მან.სიტიში“ უბრალოდ დროის ამბავია - ყველაფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაიხურება და პორტუგალიელი დაბრუნდება მანჩესტერში, მაგრამ ამჟამად „ცისფერში“.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რონალდუს ჩანაცვლებას „იუვენტუსი“ იკარდით აპირებდა, რომელიც დიდი ალბათობით „პსჟ-ში“ დარჩება, ამიტომ ტურინელებმა საკუთარი აღზრდილის, მოიზე კინის „ევერტონიდან“ დაბრუნებაზე დაიწყეს მუშაობა.