ავტორიზაცია

როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა ალავესთან მოგებულ მატჩში?

როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა ალავესთან მოგებულ მატჩში?
თარიღი 28 Aug 2021, 03:19

ლა ლიგის მესამე ტურში "ვალენსია" "მესტალიაზე" "ალავესს" დაუხვდა და იოლად 3:0 დაამარცხა.

"ღამურების" ძირითად შემადგენლობაში მესამე შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა და კარის მშრალად შენახვა მეორედ მოახერხა. გიორგის ამ მატჩში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა ორჯერ ბურთის მოგერიება მაინც მოუწია და ერთი სეივი განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო. ქართველ კიპერს ლა ლიგის სამ მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული. 

რაც შეეხება უშუალო მატჩს, "ვალენსია" მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა და მათი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დამდგარა. "ღამურებმა" შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს, არაერთი ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზეს და მშვენიერი გოლებიც გაიტანეს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ განსაკუთრებით მაღალი შეფასებები სწორედ შემტევებმა მიიღეს.

Whoscored.Com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ვალენსიას" პორტუგალიელი შემტევი გონსალო გედეში დასახელდა, რომელიც გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა და შესაბამისად, შეფასებად 9.1 ქულა დაიმსახურა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ზემოხსენებული ვებგვერდის მიხედვით მან 7.0 ქულა მიიღო. "ღამურების" სასტარტოდან დაბალი შეფასება კი უგო გილამონს ჰქონდა (6.6), რომელიც დღეს ჩამშლელ ნახევარმცველად ასპარეზობდა. "ალავესის" მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება 6.9 შეცვლაზე შემოსულ ლუის რიოხას ჰქონდა. 

 

რაც შეეხება "მარკას" შეფასებებს, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ გიორგის თამაში სამი ვარსკვლავიდან ორით შეაფასა, ისევე როგორც ომარ ალდერეტის, ხოსე ლუის გაიას, დანიელ ვასის, უგო გილამონის, დენის ჩერიშევის და მაქსი გომესის გარჯა. მათ უმაღლესი შეფასება მხოლოდ კარლოს სოლერსს, გონსალო გედეშს და გუნდის მთავარ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს დაუწერეს. "ალავესის" მხრიდან 1 ვარსკვლავზე მეტი არავის მიუღია.