ავტორიზაცია

ისტორიულ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - გიგა ჭიკაძე საქართველოს დროშას მეინ ივენთზე ააფრიალებს!

ისტორიულ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - გიგა ჭიკაძე საქართველოს დროშას მეინ ივენთზე ააფრიალებს!
თარიღი 28 Aug 2021, 11:11

ხვალ, 29 აგვისტოს, დილის 06:00 საათიდან დაიწყება ქართული სპორტისთვის ისტორიული ბრძოლა - გიგა ჭიკაძე UFC-ის მეინ ივენთზე იჩხუბებს. ქართველის მეტოქე ედსონ ბარბოსა იქნება. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო ღონისძიების დაწყების წინ.

ჭიკაძის განვლილი გზა

ჭიკაძე UFC-ში გამოდის 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ექვსიდან ექვსი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა დაამარცხა ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა, ომარ მორალესი, ჯეიმი სიმონსი და კუბ სვანსონი. გიგა ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ტოპ 15-ში ამჟამად მე-10 ადგილზეა.

ვინ არის ბარბოსა?

ფაქტია, რომ "ნინძა" შეებრძოლება მასზე გამოცდილ მოჩხუბარეს - ბარბოსა UFC-ში გამოდის 2010 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 25 ბრძოლის ჩატარება.

ბრაზილიელის ანგარიშზეა 16 გამარჯვება და 9 მარცხი. ედსონს სხვადასხვა დროს დაუმარცხებია ენტონი პეტისი, ბენეილ დარიუში, შეინ ბურგოსი და სხვები. სამხრეთ ამერიკელის გზაზე თავის დროზე იყვნენ ხაბიბ ნურმაგომედოვი, ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი, თუმცა ის მათთან დამარცხდა. 35-წლის მებრძოლი ტოპ 15-ში ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს.

რა იქნება შემდეგ?

ის ფაქტი, რომ ჭიკაძე და ბარბოსა გამოდიან მეინ ივენთზე არ ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება საჩემპიონო ბრძოლა. ქამარს ინარჩუნებს ალექსანდერ ვოლკანოვსკი, რომელსაც ტიტულის დაცვა ექნება 25 სექტემბერს, ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ.

საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ბრაზილიელის დამარცხების შემთხვევაში, ჩემპიონობის შემდეგი პრეტენდენტი სწორედ ქართველი იქნება. წარმატებები გიგას მისი კარიერის მთავარ ბრძოლაში!