შეთანხმება შედგა - ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველი ახალ კლუბს შეუთანხმდა
„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ილაიშ მორიბა კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელის ახალი კლუბი „ლაიპციგი“ იქნება.
მორიბამ გერმანულ გუნდთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. ანუ, ამ სეზონს ფეხბურთელი „ბარსელონაში“ ჩაამთავრებს, კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გერმანულ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
მორიბამ „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ მორიგდნენ, რის გამოც „ბარსამ“ ის პირველ გუნდსაც ჩამოაშორა და გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღებას აიძულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონა“ მას წლიურად 2 მილიონ ევროს სთავაზობდა, ის კი ერთით მეტს ითხოვდა.
არ არის გამორიცხული, ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგეს, მაგრამ „ბარსა“ საკუთარი აღზრდილის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც „ლაიპციგი“ ჯერჯერობით არ აპირებს.