ავტორიზაცია

გრანდიოზული და წარმოუდგენელი ტრანსფერებით სავსე ზაფხული! - ვინ დაიმატეს და გაუშვეს ტოპ-კლუბებმა?

გრანდიოზული და წარმოუდგენელი ტრანსფერებით სავსე ზაფხული! - ვინ დაიმატეს და გაუშვეს ტოპ-კლუბებმა?
თარიღი 01 Sep 2021, 11:10

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. წარმოგიდგენთ ევროპის ტოპ 5 ლიგის ტოპ კლუბების ყველაზე გამორჩეული ტრანსფერების ჩამონათვალს.

ლა ლიგა

მადრიდის "რეალი" - სატრანსფერო ზაფხულმა ჩიარა კილიან მბაპეს გარეშე, თუმცა "სამეფო კლუბმა" ორი გარიგება მაინც გაჩარხა - დავიდ ალაბა და ედუარდო კამავინგა. რაც შეეხებათ წამსვლელებს, სერხიო რამოსი-რაფაელ ვარანის დუეტი (ვინ წარმოიდგენდა?!) და მარტინ ოდეგორი. 

"ბარსელონა" - კლუბმა 1.4 მილიარდი ვალით აქცენტი გააკეთა თავისუფალ აგენტებზე, თუმცა სტატუსიანებზე - სერხიო აგუერო, მემფის დეპაი, ერიკ გარსია. ბოლო დღეს კი კატალონიელებმა ლიუკ დე იონგიც დაიმატეს. "ბლაუგრანა" დატოვეს ლეო მესიმ, ანტუან გრიზმანმა (!) და რამდენიმე უმნიშვნელო მოთამაშემ.

მადრიდის "ატლეტიკო" - საჩემპიონო კურსი გრძელდება. პირველ რიგში გამოსარჩევია ანტუან გრიზმანის დაბრუნება. ცხადია, "როხიბლანკოში" ზედმეტები არც როდრიგო დე პაული და მატეუს კუნია იქნებიან. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ინდიელებს" დანაკლისი პრაქტიკულად არ აქვთ.

დანარჩენები - ჩვენთვის პირველ რიგში გამოსარჩევია გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" ტრანსფერი. სხვა საინტერესო გარიგებები: რადამელ ფალკაო ("რაიო ვალეკანო"), ერიკ ლამელა ("სევილია"), ექტორ ბელერინი ("ბეტისი").

პრემიერ ლიგა

"მანჩესტერ სიტი" - სატრანსფერო ბომბი, ჯეკ გრილიშის 117 მილიონ ევროდ ყიდვის სახით. "ქალაქელები" ახლოს იყვნენ ჰარი კეინის გაფორმებასთან, თუმცა "ტოტენჰემმა" ის ჩაკეტა. რაც შეეხებათ წამსვლელებს, "ლურჯები" დატოვა სერხიო აგუერომ, რომელიც უფასოდ "ბარსას" შეუერთდა.

ლონდონის "ჩელსი" - ტომას ტუხელის სწორი ტაქტიკითა და გამართული მენეჯმენტის დამსახურებით, ამ კლუბის წარმატებული სვლა გრძელდება. "არისტოკრატებმა" 115 მილიონად დაიბრუნეს რომელუ ლუკაკუ, იჯარით კი საულ ნიგესი იქნა გადმობირებული. წამსვლელებში შეგვიძლია ვახსენოთ ოლივიე ჟირუ ("მილანი").

"ლივერპული" - ამ გუნდმა ამოავსო თავისი ყველაზე პრობლემური ზონა - დაცვის ცენტრი. ვირჯილ ვან დეიკის მეწყვილედ იბრაჰიმა კონატე იქნა გადმოყვანილი. წამსვლელებში გამოსარჩევია ჯინი ვეინალდუმი, რომელიც მიდიოდა "ბარსაში", მაგრამ აღმოჩნდა "პსჟ"-ში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელმაც დაიბრუნა კრიშტიანუ რონალდუ (!), იქამდე კი რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩოც გაიფორმა. "ეშმაკუნებზე" თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოსტ-ფერგის ეპოქაში ეს გუნდი ძლიერია ისე, როგორც არასდროს.

დანარჩენები - სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურა ლონდონის "არსენალმა", თუმცა თამაშის თვალსაზრისით ამ გუნდს განახლების არაფერი ეტყობა. მეზობელმა "ტოტენჰემმა" დაიმატა კრისტიან რომერო, მაგრამ ამ გუნდის მთავარი საქმე ჰარი კეინის შენარჩუნება გამოდგა.

სერია ა

ტურინის "იუვენტუსი" - გრანდიოზული შენაძენები ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ გამოსარჩევია მანუელ ლოკატელისა და მოიზე კინის ტრანსფერები. წამსვლელებში კი ფიგურირებენ ბევრად უფრო მასშტაბური პერსონები: კრიშტიანუ რონალდუ და ჯანლუიჯი ბუფონი.

მილანის "ინტერი" - ახალწვეულთა კვარტეტი ასეთია - ედინ ჯეკო, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ხოაკინ კორეა და დენზელ დუმფრისი. ამ ფეხბურთელებს ევალებათ რომელუ ლუკაკუსა და აშრაფ ჰაკიმის შეცვლა. ამის გარდა, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ "ნერაძურიში" კრისტიან ერიქსენი შეძლებს თამაშს.

"მილანი" - გადმოვიდნენ ოლივიე ჟირუ, მაიკ მენიანი კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, თუმცა დანაკლისი უფრო თვალშისაცემია. "როსონერი" ჰაკან ჩალჰანოღლუმ და ჯიჯი დონარუმამ დატოვეს.

ბუნდესლიგა

მიუნხენის "ბაიერნი" - ჩვეული საათივით ზუსტი და გააზრებული სატრანსფერო კამპანია. "რეკორდმაისტერი" მარსელ საბიცერითა და დაიო უპამეკანოთი გაძლიერდა. გამოსარჩევია დავიდ ალაბას წასვლაც, რომელმაც მოითხოვა ისეთი ხელფასი, რომელიც "ბავარიასთვის" მიუღებელი გამოდგა.

დორტმუნდის "ბორუსია" - გამოსარჩევია დონიელ მალენის ტრანსფერი და ჯეიდონ სანჩოს წასვლა. მთავარ მოვლენად კი "შავ-ყვითლებისთვის" ერლინგ ჰოლანდის შენარჩუნებაა.

ლიგა 1

"პსჟ" - სრული სიგიღე კლუბის მხრიდან, რომელმაც დაიმატა ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი და ნუნო მენდეში. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" არც კილიან მბაპე გაუშვა.