სიგიჟეები ბრაზილიისა და არგენტინის მატჩზე! — შეხვედრა ოფიციალურად გადაიდო

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ბრაზილიასა და არგენტინას შორის დაწყებული მატჩი სკანდალურად შეწყდა.
სასტარტო სასტვენიდან 4 წუთში თამაში სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლებისა და პოლიციის გამოჩენის გამო შეჩერდა. არგენტინელებმა მოედანი დატოვეს.
სააგენტოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა, ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე - "ასტონ ვილა"), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე - "ტოტენჰემი") ქვეყნის საზღვარი დარღვევებით გადაკვეთეს.
ბრაზილიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყველა ადამიანმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. როგორც Anvisa ამტკიცებს, ზემოთაღნიშნულმა მოთამაშეებმა იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთს არ სტუმრობდნენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, Anvisa-მ პოლიციას სასტუმროში ამ ფეხბურთელების დაკავებისკენ, შემდეგ კი მათი ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდა. თუმცა, სამართალდამცველების გამოჩენისას ოთხივე მათგანი უკვე ავტობუსში ისხდა და სტადიონისკენ მიემართებოდა.