ავტორიზაცია

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: "ბრაზილიაში მომხდარი სკანდალი ფეხბურთისთვის სავალალოა"

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: "ბრაზილიაში მომხდარი სკანდალი ფეხბურთისთვის სავალალოა"
თარიღი 06 სექ 2021, 01:31

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, კლაუდიო ტაპიამ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიისა და არგენტინის მატჩში მომხდარ სკანდალზე განცხადება გააკეთა.

"ის, რაც დღეს მოხდა, ფეხბურთისთვის სავალალოა, ეს თამაშს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის. ოთხი ადამიანი შევიდა მოედანზე თამაშის ჩასაშლელად, შეტყობინების გასაკეთებლად და კონმებოლმა (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) ფეხბურთელებს გასახდელში წასვლა სთხოვა".

"კარანტინის დარღვევა? აქ რაიმე ტყუილზე საუბარი არ შეიძლება, რადგან არსებობს ჯანდაცვის კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა სამხრეთამერიკული ტურნირი ტარდება. ჯანდაცვის ორგანოებმა დაამტკიცეს ოქმი, რომელსაც სრულიად ვითვალისწინებთ", - წერს ტაპია სოციალურ ქსელში.

კონმებოლმა დაადასტურა, რომ მატჩი გაურკვეველი დროით შეწყდა. მის ბედზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

არგენტინის ნაკრები მოედნიდან ბრაზილიელი სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ გავიდა, რომლებიც კარანტინის დარღვევისთვის ოთხი არგენტინელის დაკავებას პირდაპირ მატჩის მიმდინარეობისას აპირებდნენ. არსებული ცნობით, ეს მოთამაშეები ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, კრისტიან რომერო და ჯოვანი ლო ჩელსო არიან. ყველა მათგანი ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.

არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თქვა, რომ არ ესმის, რატომ მივიდნენ ფეხბურთელებთან ახლა, როცა მათი დეპორტაცია ჯერ კიდევ სამი დღის წინ შეიძლებოდა, როცა გუნდი ბრაზილიაში ჩავიდა.

კონმებოლი ბრაზილიისა და არგენტინის მატჩში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს