ავტორიზაცია

"მარიო არ იყო მართალი, მაგრამ პირველ ნაბიჯს არ დგამდა", - მოდრიჩმა აღიარა, რომ მანჯუკიჩს სამი წელი არ ელაპარაკებოდა

"მარიო არ იყო მართალი, მაგრამ პირველ ნაბიჯს არ დგამდა", - მოდრიჩმა აღიარა, რომ მანჯუკიჩს სამი წელი არ ელაპარაკებოდა
თარიღი 06 Sep 2021, 12:28

მადრიდის „რეალის“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა აღიარა, რომ მარიო მანჯუკიჩს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კარიერა დაასრულა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე სამი წლის მანძილზე არ ესაუბრებოდა.

„მარიოს დიდი გულის მქონე შესანიშნავ ბიჭად ვიცნობ. ის თავიდანვე მომეწონა, თუმცა მასთან საერთო ენის გამონახვისთვის დრო დამჭირდა. ერთად ხშირად ვიყავით მაშინ, როცა ნაკრებში გვიწევდა ყოფნა.

ბრაზილიური მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ისლანდიასთან გვქონდა შეხვედრა და მარიოს სასტუმროს ლიფტის წინ შევხვდი: „მიდი, მარიო, დღეს ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“ - მას ასე ვუთხარი. ვარჯიშებზე ან მატჩების წინ ფეხბურთელები ერთმანეთს ხშირად ამხნევებენ. თუმცა, მარიოს რეაქციამ გამაკვირვა: „შენ თავს მიხედე, მე კი თავი დამანებე.“ 

თითქოს, ეს წამიერი გაუგებრობა იყო. მასთან სულ კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირად ვლაპარაკბოდით. ამ მომენტის შემდეგ კი, სიჩუმემ დაისადგურა, ურთიერთობა გაცივდა.

მაშინ ის ისეთივე გონივრული რომ ყოფილიყო, როგორიც ახლაა, ყველაფერს მაშინვე გაარკვევდა, ან შემდეგ სანაკრებო პაუზაზე მაინც. თუმცა, მეც ხასიათიანი ვარ. როცა ორი ადამიანი ასე იხურება, მათ შორის ენერგია ქრება. სიმართლე გითხრათ, მარიო არ იყო მართალი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს შესაბამისი მომენტი გამოვიჭირე და საუბარი წამოვიწყე. მინდოდა მეთქვა, რამდენად გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ ჩვენი ურთიეთობა გაფუჭდა. მინდოდა გამეგო, რატომ გაცივდა ჩვენი ურთიერთობა უკვე სამზე მეტი წელია.

დავილაპარაკეთ და მივხვდით, რომ პრობლემა არაფრიდან მოვიდა. მან მითხრა: „მე არ გავბრაზებულვარ, მეგონა, რომ შენიშვნას მაძლევდი.“ მე კი იგივეს მასზე ვფიქრობდი.

პოზიტიური ენერგია ჩვენს შორის კვლავ დაინთო. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს: ინტროვერტები ვართ, ჩვენთვის გაცილებით რთულია ემოციების გამოვლენა, უფრო ჯიუტები ვართ. მაგრამ, ის ისეთი ადამიანია, რომელთან ერთადაც ნებისმიერ ბრძოლაზე წავიდოდი. ვიცი, რომ ის შენს გამო ყველაფერს დათმობს, დაგიცავს და არ დაგაღალატებს.“ - წერს მოდრიჩი წიგნში „ჩემი თამაში“.