ავტორიზაცია

კარიმ ბენზემა და მისი მისტიური, მუდმივი სახვევი - რაში მდგომარეობს რეალური მიზეზი?

კარიმ ბენზემა და მისი მისტიური, მუდმივი სახვევი - რაში მდგომარეობს რეალური მიზეზი?
თარიღი 07 სექ 2021, 21:06

2019 წლის 13 იანვარი, „ბეტისთან“ მატჩში მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ, მარკ ბარტრასთან შეტაკების შედეგად ხელის ტრავმა მიიღო.

მას შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელი გადახვეული ხელით თამაშობს და ბევრის აზრით, ინდივიდუალური თვალსაზრისით მისი საუკეთესო წლები სწორედ ამ სახვევის გაკეთების შემდეგ მოდის.

ტრავმის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ კარიმს ოპერაცია სჭირდებოდა და გამოჯანმრთელებისთვის ერთიდან ორ თვემდე დასჭირდებოდა. თუმცა, ის იყო პირველი სეზონი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე და ბენზემა „რეალის“ გოლებზე მთავარი პასუხისმგებელი იყო. ამიტომ, მან სეზონის ბოლომდე დაცდა გადაწყვიტა და მაშინ ჯერ კიდევ სანტიაგო სოლარის გუნდი მთავარი ფორვარდის გარეშე არ დატოვა. 

სეზონის დასრულების შემდეგ, ფორვარდმა ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა, რადგან მისი ძვალი არასწორად შეხორცდა. 

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ბენზემას ორი თვის გამოტოვება უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ კალენდარი ამის საშუალებას არ იძლევოდა, ფრანგი გუნდს ნაადრევად შეუერთდა და სანანებელიც გაუხდა, რადგან თითი ისევ დაიზიანა. სეზონი გუნდმა დაიწყო კარიმთან ერთად, მაგრამ მისი თითი ისევ დაზიანებული იყო, რაც სხვებისთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი.

მას შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა ვერ გამონახა დრო იმისთვის, რომ შეჩერდეს და საოპერაციო მაგიდაზე კიდევ ერთხელ დაწვეს. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ბენზემა პუბლიკაზე გადახვევის გარეშე ჩნდებოდა, ხალხი ამჩნევდა თუ რა მდგომარეობაში იყო მისი ნეკა თითი. მიუხედავად ამ პრობლემისა, ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ის შექმნილ ვითარებას სათანადოდ ვერ მოერგო - გასულ კამპანიაში მან 34 გოლი გაიტანა, საიდანაც 30 „რეალზე“ მოდის, 4 კი - ევროპის ჩემპიონატზე, რაც მისი კარიერის მეორე საუკეთესო შედეგია. 

ერთ დღესაც, კარიმს მაინც მოუწევს იძულებითი პაუზის აღება და თითზე ოპერაციის ჩატარება, თუმცა მისი სახვევი და ამ სახვევის შემდეგ მიღწეული შედეგები მადრიდისტების მოგონებებში სამუდამოდ დარჩება.