მანჩესტერი და ლინგარდი ვერ თანხმდებიან, ფეხბურთელი ახლა წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე გახანგრძლივებასთან
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ჯესი ლინგარდს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ESPN-ს ინფორმაციით, ინგლისელი შემტევის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უფრო დიდი სათამაშო დროის მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბი და ფეხბურთელი საერთო შეთანხმებამდე ვერ მივლენ, ნახევარმცველი, რომელიც გუნდის აკადემიის აღზრდილია, გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ლინგარდს გაცილებით დიდი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რათა ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმაც არ დარჩეს.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმა იჯარით „ვესტ ჰემში“ გაატარა, რომლის მაისურითაც 16 მატჩში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. თითქოს, „ჩაქუჩებს“ მისი გამოსყიდვაც სურდათ, თუმცა ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა.