სანიოლიც ფლავდება - როგორ ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს? - პასუხის გამცემი არავინაა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2 მატჩი ჩაატარა და ორივე კატასტროფულად - კოსოვოსთან საკუთარ მოედანზე 1:0 წავაგეთ, ესპანეთთან კი 4:0. ახლა კი ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 4:1 განადგურდა
ესპანეთის ნაკრებთან ასეთ მარცხი არავის უკვირს, თუმცა აქ თამაშის ხარისხზე და ჩვენი ნაკრების ახალბედა მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებებზე გავამახვილოთ ყურადღება, როგორც კოსოვოსთან, ისე ესპანეთთან გამართულ მატჩებში.
კოსოვოსთან სანიოლმა, ასე თუ ისე, ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თუმცა პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა რომ ჩვენი ნაკრები ამ თამაშის მომგები არ იყო. კოსოველები კომბინაციურ, სწორ ფეხბურთს თამაშობდნენ, გოლი გაიტანეს და ყველაფერი მათ ხელში იყო.
ესპანეთმა კი უბრალოდ შოუ დაგვიდგა. რაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ოფიციალურ მატჩში მეტოქე ნაკრები შუა თამაშისას მეკარეს ცვლის? ამაზე დიდი დამცირება არსებობს? სანიოლის მოსვლით გაჩნდა იმედები, რომ ნაკრები სწორ გზას დაადგა, მან შეცვალა სტრუქტურა, იძახებს ბევრ ფეხბურთელს ეროვნული ლიგიდან, მაგრამ აკმაყოფილებს ეროვნული ლიგა ეროვნული ნაკრების დონეს?
მაგალითად, ესპანეთთან მატჩში ძირითადში "დინამო ბათუმის" 4 ფეხბურთელი იყო - ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ზარია. 4-ვემ საშინელი მატჩი ჩაატარა და ეს ფეხბურთელების ბრალი კი არაა, იმის ბრალია, ვინც დააყენა. ზარიამ საერთოდ კორონავირუსი ახლახანს დაამარცხა, დიდი ხანი ნათამაშები არ ჰქონდა და პირდაპირ ესპანეთთან დადგა, თან ფორვარდის პოზიციაზე. შესაძლოა, მათი ძირითადში დაყენება ემსახურებოდა იმას, რომ უცხოეთიდან ბევრი დააკვირდებოდა და მათი გაყიდვის ალბათობა გაიზრდებოდა, მაგრამ ფაქტია, ამ გადაწყვეტილებამ ფეხბურთელებს უფრო ავნო.
"დინამო ბათუმს" ჯერ ის ვერ დაუმტკიცებია, რომ საქართველოში საუკეთესოა და მცდელობების მიუხედავად, ჩემპიონი ჯერაც არ გამხდარა და რა ლოგიკითაა ამ გუნდიდან ნაკრებში 7 ფეხბურთელი? მხოლოდ საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატია საზომი?
სანიოლმა ისიც თქვა, ოქრიაშვილი, შენგელია და კვეკვესკირი იმიტომ არ გამოვიძახე, უთამაშებლები არიანო, როცა აბურჯანიას ივლისის შემდეგ არ უთამაშია და წინა სანაკრებო 2 მატჩი სასტარტოში დაიწყო. ასე იყო კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. ამაზე კითხვა პრესკონფერენციაზეც დაისვა, რაზეც ლოგიკას აცდენილი და ბანალური პასუხი მივიღეთ, რომ ამჟამინდელი სელექცია ასეთია.
ფაქტები გვანახებს, რომ სანიოლი სამწვრთნელო კარიერას ახლა იწყებს, ახალბედაა და ჩვენთან იღებს გამოცდილებას, ამ გამოცდილების მიღების პარალელურად კი ქართული ფეხბურთი ისევ უფსკრულშია.
ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე კვლავ კატასტროფულად იასპარეზეს, ახლა კი ნაკრებმა ბოლო 3 მატჩი ისე წააგო, რომ 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი გაიტანა. სანიოლიც ჩაფლავდა, ვინ უშველის ქართულ ფეხბურთს?
30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ და ჩვენი ოცნება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა, ამასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ. ამ ხნის განმავლობაში, შეიცვალა თაობა, შეიცვალნენ ფედერაციის პირები, შეიცვალნენ მწვრთნელები, შეიცვალა სტრუქტურა, მაგრამ შედეგი იგივეა. წარუმატებლობას მწვრთნელი ფედერაციას აბრალებს, ფედერაცია მწვრთნელს, ფეხბურთელი მწვრთნელს, მწვრთნელი ფეხბურთელს და ასე... ვტრიალებთ ერთ წრეზე. დასკვნა ისაა, რომ 30 წლიანმა გამოცდილებამ გვანახა, რომ საქართველოში არ გვყავს არც უმაღლესი დონის მწვრთნელი, არც უმაღლესი დონის მენეჯერი, არც მაღალი დონის ფეხბურთელი, არც მაღალი დონის მსაჯი და არც კომპეტენტური პირი, ვინც სწორად გააანალიზებს ყველაფერს და პასუხს გასცემს კითხვას - როგორ ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს?