VIDEO: ბენზემას ჰეთ-ტრიკი, ვინისიუსის შესანიშნავი მატჩი და კამავინგას შედეგიანი დებიუტი - რეალი ბერნაბეუზე ტრიუმფალურად დაბრუნდა
ლა ლიგის მე-4 ტურში წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნებულმა „რეალმა“ „სელტა“ 5:2 გაანადგურა.
პირველი ტაიმი ვიგოელებმა სენსაციურად 2:1 მოიგეს - სანტი მინამ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, კარიმ ბენზემამ წონასწორობა 24-ზე აღადგინა, ჩერვიმ კი 31-ზე სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი გამოვიდა - მადრიდის „რეალი“. ბენზემამ ანგარიში ტაიმის პირველივე წუთზე ულამაზესი თავურით გაათანაბრა.
54-ზე ვინისიუსმა ერთი-ერთზე გასვლა მშვიდად გამოიყენა და თავისი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა.
72-ე წუთზე მეოთხე გოლის გატანა „რეალის“ დებიუტანტმა 18 წლის ედუარდო კამავინგამ მოახერხა, რომელმაც ლუკა მოდრიჩის ლამაზი გარღვევისა და გარე ტერფით დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში დაამატა.
87-ე წუთზე კი ვინისიუსმა ლამაზ სტილში პენალტი მოიპოვა, რომელიც კარიმ ბენზემამ ზუსტად შეასრულა, ჰეთ-ტრიკი+ საგოლე პასი (ვინისიუსზე) მიითვალა და „რეალს“ გამარჯვება გაუნაღდა.
4 ტურის შემდეგ „რეალი“ 10 ქულით ლა ლიგის ცხრილს „ვალენსიასთან“ და „ატლეტიკოსთან“ ერთად ლიდერობს.