ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგა: ანჩელოტი კვლავ თავის საყვარელ ტურნირზე, ლეგენდარული ფინალის თანამედროვე ვერსია და ბევრი სხვა

ჩემპიონთა ლიგა: ანჩელოტი კვლავ თავის საყვარელ ტურნირზე, ლეგენდარული ფინალის თანამედროვე ვერსია და ბევრი სხვა
თარიღი 15 სექ 2021, 10:02

დღეს, 15 სექტემბერს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები. ბრძოლაში ჩაერთვებიან ის გუნდები, რომლებიც A-D ჯგუფებში არიან განთესილები.

A ჯგუფი

მან სიტი-ლაიფციგი 23:00

აღნიშნულ ჯგუფში გველის თანამედროვე ფეხბურთის ე.წ. "ფულის დერბი", თუმცა იქამდე "მან სიტი" საკუთარ კედლებში ჯერ "ლაიფციგს" მიიღებს. მანჩესტერელები ითვლებიან ფავორიტებად, რადგან გუნდი არ არის შესუსტებული, პირიქით, უფრო გაძლიერებული, "რედ ბულსმა" კი დაკარგა მთავარი შემმოქმედი: იულიან ნაგელსმანი.

ბრიუგე-პსჟ 23:00

"პარი სენ-ჟერმენი" კი "ქალაქელებამდე" "ბრიუგესთან" გაივლის მოთელვას. დღეს უდიდესი ალბათობით ვიხილავთ "პსჟ"-ს სრულ თანავარსკვლავედს - ლიონელ მესი, ნეიმარ ჟუნიორი, კილიან მბაპე და სხვები. პარიზელებს დააკლდებათ სერხიო რამოსი, რომელიც კვლავ ტრავმირებულ მუხლს მკურნალობს. სხვა დანარჩენი კი "ლურჯ-წითლებში" წესრიგშია.

B ჯგუფი

ლივერპული-მილანი 23:00

დიახ, საუბარია იმ გუნდების შესახებ, რომლებმაც ერთმანეთში 2005 და 2007 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალები ითამაშეს. სამწუხაროდ, "მილანი" ევროპული ფეხბურთის ელიტას ჩამოშორდა და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეს გუნდი ამ ტურნირზე 2014 წლის შემდეგ, პირველად ითამაშებს. აქვე დავამატებთ, რომ "როსონერის" ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარება.

"ლივერპულზე" კი ცუდის და სამწუხაროს თქმა არ შეიძლება, ეს გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ასე უკვე წლებია, რაც გრძელდება. მოკლედ, მერსისაიდელთა მდგომარეობა, როგორც კლუბის, "ეშმაკებისაზე" უკეთესია. გაბუქებული მოსაზრება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ "წითლები" დღესაც ფავორიტები იქნებიან.

ატლეტიკო-პორტო 23:00

როგორც ვხედავთ, აღნიშნულ კვარტეტში არიან "ატლეტიკო" და "პორტოც", რაც ე.წ. "სიკვდილის ჯგუფის" წარმოდგენაც ქმნის. საინტერესო იქნება ლუის სუარესის ხილვა "სქაუზერების" წინააღმდეგ, მაგრამ იქამდე, მადრიდელებს ჯერ პორტუგალიელების ბარიერის გადალახვა მოუწევთ. "ინდიელები" ფავორიტებად არიან შერაცხულები.

C ჯგუფი

ბეშიქთაში-დორტმუნდი 20:45

შეხვედრა, რომელიც დაიწყება ნაადრევად. საინტერესოა, შეძლებს თუ არა "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი გოლების ანგარიშის გახსნას პირველივე მატჩში. დიახ, სტამბოლში თამაში რთულია, მაგრამ მსგავსი გარემოებები ნორვეგიელ ფორვარდს არ აფრთხობს. ველით ლამაზ და უხვგოლიან დაპირისპირებას.

სპორტინგი-აიაქსი 23:00

კიდევ ერთი ლამაზი ფეხბურთის დღესასწაული, ყოველ შემთხვევაში აფიშა ამის ფიქრის საშუალებას გვაძლევს. "აიაქსის" შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით, არ აქვს მნიშვნელობა შემადგენლობის სიძლიერე/სისუსტეს, ეს გუნდი ყოველთვის შეუტევს. "სპორტინგში" კი ძალიან პერსპექტიული და იმედისმომცემი გუნდია თავმოყრილი.

D ჯგუფი

ინტერი-რეალი 23:00

დღის მთავარი ცენტრალური შეხვედრა, "ლივერპული" - "მილანთან" ერთად. გამოსარჩევია კარლო ანჩელოტის დაბრუნება იმ ტურნირზე, რომელიც მან მოიგო 3-ჯერ, მათ შორის ერთხელ "რეალთანაც". იტალიელი ტაქტიკოსის მეტოქე არის გუნდი, რომელსაც ის წლების წინ თავისი 5 თითივით იცნობდა. საუბარია "როსონერიში" გატარებული პერიოდის შესახებ.

რაც შეეხება უშუალოდ "ინტერს", დიახ, კლუბიდან წავიდნენ ანტონიო კონტე, რომელუ ლუკაკუ და აშრაფ ჰაკიმი, ამის გარდა, დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს კრისტიან ერიქსენი, მაგრამ ბებე მაროტამ განახორციელა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი, რითაც გუნდი განადგურებას გადაარჩინა. ვნახოთ, რისი პოტენციალი აქვს დღევანდელ მილანურ კლუბს.

შერიფი-შახტარი 20:45

ბრავო "შერიფს" და პირადად ვაჟა თარხნიშვილს, რომელიც ამ კლუბის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ტირასპოლელები პირველად თავიანთი ქვეყნის ისტორიაში არიან ჩემპიონთა ლიგაზე და საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ კიდევ რამდენ ხანს გასტანს მათი ზღაპარი. "შახტართან" მატჩი კი პირველი რთული გამოცდა იქნება.