ავტორიზაცია

კუმანის პოტენციური შემცვლელების სიაში ლაპორტას სამი მწვრთნელი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი პირლოა

კუმანის პოტენციური შემცვლელების სიაში ლაპორტას სამი მწვრთნელი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი პირლოა
თარიღი 21 სექ 2021, 13:03

„ბარსელონაში“ ჰოლანდიელი რონალდ კუმანი შესაძლოა ლეგენდარულმა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს.

კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო „ტვიტერში“ წერს, რომ კუმანის პოტენციური შემცვლელების სიაში პირლოც მოხვდა.

პირლოს გარდა, ამ სიაში „ინტერის“ ექს-თავკაცი ანტონიო კონტე და კატალონიური გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველი ხავი ერნანდესი იმყოფებიან. 

თუმცა, ჟურნალისტის ცნობით, სეზონის ამ ეტაპზე „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უპირატესობას ანდრეა პირლოს ანიჭებს. 

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალურ სამწვრთნელო დონეზე პირლოს ერთი სეზონი აქვს გატარებული. გასულ სეზონში ის „იუვენტუსს“ ედგა სათავეში და გუნდმა 9 წლის შემდეგ პირველად სკუდეტოს მოგება ვერ მოახერხა. 

რონალდ კუმანს „ბარსაში" სადავეები ხელიდან აშკარად გაურბის - გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა და ერთიც ფრედ დაასრულა. ამრიგად, გუნდი ლიდერ მადრიდის „რეალს" ამ ეტაპზე ცხრილში უკვე 5 ქულით ჩამორჩება.