გადარჩენილი 4 მატჩ-პოინტი და ურთულესი ქამბექი! ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაუჯერებელი მატჩი მოიგო და 1/4-ფინალშია!

საფრანგეთში მეცის ტურნირის 1/8-ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდა.
მატჩი 2 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილის ურთულესი გამარჯვებით დასრულდა.
პირველი სეტი ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა სულ რაღაც 33 წუთში 0-ზე დათმო და იმ დროს ქამბექი თითქოს შეუძლებელს ჰგავდა.
თუმცა, მეორე სეტი ბასილაშვილმა გაცილებით უკეთ დაიწყო, ფოკინას მოწოდება პირველივე გეიმში მოიგო და სეტში საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 42 წუთში ბასილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა (6:4).
ყველაზე დაძაბული კი გადამწყვეტი სეტი აღმოჩნდა, რომელშიც ბასილაშვილს 4 მატჩ-პოინტის გადარჩნაც მოუწია.
ესპანელისთვის სეტი კარგად დაიწყო და მან 2:0, შემდეგ კი 4:1 წაიყვანა. თუმცა ბასილაშვილმა უკუბრეიკი მე-7 გეიმში შეასრულა. კიდევ თითო-თითოჯერ საკუთარი მოწოდებების მოგების შემდეგ, ყველაზე რთული გეიმი ნიკოლოზს საკუთარ მოწოდებაზე 4 მატჩ-პოინტის გადარჩენა მოუწია, რაც წარმატებით მოახერხა. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.
საჩოგბურთო ლატარეაში ბასილაშვილმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 7:4 იმარჯვა.
საბოლოოდ, 0:6 6:4 7:6 (4) და ბასილაშვილი ¼-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტურნირის მე-3 ნომერი, ცნობილი ფრანგი გაელ მონფილსი იქნება.