VIDEO: 93-ე წუთზე გაფუჭებული პენალტი და მოულოდნელი მარცხი ოლდ ტრაფორდზე — მანჩესტერმა ასტონ ვილასთან წააგო
ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინაურ კედლებში "ასტონ ვილას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება ბირმინგემელთა გამარჯვებით დასრულდა - 0:1.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა "ეშმაკუნების" უპირატესობით წარიმართა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეტოქის კარის აღება მაინც ვერ მოახერხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მატჩის მიწურულს გაიხსნა - 88-ე წუთზე, "ასტონ ვილას" მცველმა, კორტნი ჰაუსმა გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც მიუხედავად მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს ყოფნისა, ბრუნო ფერნანდეშმა შეასრულა და გააფუჭა.
ასე და ამგვარად, "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც პრემიერ ლიგაში პირველი მარცხი იწვნია, სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "ასტონ ვილა" კი 10 ქულით მე-7 პოზიციაზეა.