ავტორიზაცია

VIDEO: ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია! მოლდოვურმა შერიფმა რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე დაამარცხა

თარიღი 29 სექ 2021, 00:52

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში მადრიდის „რეალი“ საკუთარ კედლებში მოლდოვურ „შერიფთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და სტუმართა სენსაციური გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 25-ე წუთზე ჯახშიბაევმა გახსნა და „რეალმა“ მეტოქეზე დიდი შტურმი მიიტანა, თუმცა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ 65-ე წუთზე მოახერხა, როცა ვინისიუს ჯუნიორის მიერ მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა კარიმ ბენზემამ.

კარლო ანჩელოტი ვაბანკზე წავიდა და დაცვის მოსუსტების ხარჯზე შეტევა გააძლიერა, რამაც გუნდი პირიქით დააზარალა - 90-ე წუთზე მოლდოველებმა კიდევ ერთი გოლი შეაგდეს და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია დააფიქსირეს.

ორი ტურის შემდეგ „შერიფი“ „ინტერთან“ და „რეალთან“ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მადრიდელების ანგარიშზე 3 ქულაა, მილანელების კი - 1.