ავტორიზაცია

"ალექს ფერგიუსონმა ღვინის დალევა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი", - ხაბიბმა მიზეზი ახსნა

"ალექს ფერგიუსონმა ღვინის დალევა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი", - ხაბიბმა მიზეზი ახსნა
თარიღი 03 Oct 2021, 12:49

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა გაიხსენა ისტორია, თუ როგორ უთხრა უარი ლეგენდარულ საფეხბურთო მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მასთან ერთად ღვინის დალევაზე.

"როცა დანიელ კორმიე გავიცანი, წვეულებაზე დამპატიჟა. უარი ვთქვი. მეკითხება, რატომ. ვეუბნები: "რატომ უნდა მოვიდე წვეულებაზე? არ ვსვამ". მპასუხობს: "დიახ, ყველაფერი კარგად არის, მყავს მუსულმანი ახლობლები, წვეულებებზე დადიან. შენც შეგიძლია წასვლა". ვუთხარი: "არა, არა, არა". ეს 2012 წელს მოხდა".

"ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ არ ვიცი, მეგობრები არიან თუ არა. როცა მოსახერხებელია, ისინი მუსულმანები არიან, როცა მოუხერხებელია - არ არიან".

"თუმცა, არასოდეს ვირტყამ მკერდში ხელს, რომ მუსულმანი ვარ და ამას ყველას არ ვეუბნები. ჩემი რწმენის არ მრცხვენია, მაგრამ არც ამის შესახებ ვესაუბრები ყველას".

"აი, დღეს, პატრის ევრასთან, უსეინ ბოლტთან, სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად სტადიონზე ვიყავი. ალექს ფერგიუსონმა ღვინის დალევა შემომთავაზა. მისთვის ეს კარგია. არ განვსჯი. მაგრამ როგორ ავხსნა ჩემი პოზიცია? შესაძლებელია პირდაპირ: "არა, არა, არა, მუსულმანი ვარ, არ ვსვამ". თუმცა შეიძლება სხვანაირადაც, როგორც მე გავაკეთე: "თუ დავლევ, ყველა თქვენგანს ზიანს მოგაყენებთ, ბიჭებო. კარგი იდეა არ არის". რამდენიმე საათის წინ, სერ ალექსს ეს ვუთხარი. ყველაფერი უმალვე გაიგო: "გავიგე, არ სვამ", - თქვა ნურმაგომედოვმა.

ხაბიბმა თავისი ბოლო ბრძოლა გასული წლის ოქტომბერში გამართა, ტურნირ UFC 254-ზე ამერიკელი ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და MMA-ში კარიერის დასრულება დაადასტურა. ნურმაგომედოვმა საერთო ჯამში 29 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო.