"რთულია კოსოვოსნაირ გუნდს ასეთი დანაკლისით ეთამაშო" - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებამდე ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"არ მიმაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება გაფრთხილების ბარათი, რა ცუდი თამაშები გვქონდა სექტემბერში. წინა თვეში მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ნაკლოვანება გვქონდა, იყო ტრავმები და სხვადასხვა სიტუაციები, ბევრი მოთამაშე გამოვიყენეთ ადგილობრივი ჩემპიონატიდან.
ამ მომენტში რთულია წარმოვიდგინოთ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები საერთაშორისო დონეზე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებად. კოსოვოს ფეხბურთელები ლაციოდან, რომადან, ნაპოლიდან რეიმსიდან, ნორვიჩიდან და წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან არიან. ამ ეტაპზე რთულია კოსოვოსნაირ გუნდს დაუპირისპირდე იმ დანაკლისით, რაც წინა თვეში გვქონდა.
პატრიოტიზმი არ არის ის, რაც მე უნდა ვასწავლო ვინმეს. საქართველოში ნაკრების გასაწვრთნელად ვარ. ჩვენი ფეხბურთელები გულით თამაშობენ თავიანთი ქვეყნისთვის და ამ პრობლემას არ განიცდიან. სექტემბრის თამაშის შემდეგ მართლაც ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა, არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ფეხბურთელები მეკრიტიკებინა. არ მინდა იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ სათანადო პატრიოტიზმი ვერ წარმოაჩინა.
მე შემიძლია ჩემი თავი გავიხსენო. არის შემთხვევები, როდესაც რაიმეს გაკეთება ძალიან გინდა, მაგრამ არ გამოგდის. ამასთან, როდესაც გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მათ გვერდში გამოცდილი ბიჭებიც უნდა იყვნენ, რომლებიც საჭირო ჟამს გვერდში დაუდგებიან. საერთო ჯამში, მჯერა, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნა ყველასთვის დიდი პატივია და ფეხბურთელები ცდილობენ, მაქსიმუმი გააკეთონ," - განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში 2 შეხვედრას გამართავს. 9 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოსთან.