"ვფიქრობ, ჩემთვის უკანასკნელი იქნება", - ნეიმარი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა აღიარა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს.
„ვფიქრობ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. ასე იმიტომ მგონია, რომ არ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა და ნებისყოფა, რომ ეს საქმე გავაგრძელო.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო და ჩემს ნაკრებთან ერთად ტიტული მოვიგო, რითაც ბავშვობის ყველაზე დიდ ოცნებას ავისრულებ. იმედია, ყველაფერი გამოგვივა.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.com.
ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარს 2010 წლიდან იძახებენ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის რიგებში „პსჟ-ს“ შემტევმა კონფედერაციათა თასი (2013) და ოლიმპიადა (2016) მოიგო.
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ჩამონათვალში 69 გოლით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ პელეს 8 გოლით ჩამორჩება.
„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა ბრაზილიის ნაკრების მაისურით 113-ჯერ ითამაშა, პელემ კი 92-ჯერ.