ავტორიზაცია

VIDEO: მბაპე - ბენზემას საოცარი დუო და სწრაფად შემოტრიალებული ფინალი - საფრანგეთი ერთა ლიგის გამარჯვებულია!

თარიღი 11 ოქტ 2021, 00:40

უეფას ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ესპანეთისა და საფრანგეთის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა მილანში სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მსოფლიო მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მთელი დრამა მატჩში მეორე ნახევარში განვითარდა - 64-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა ესპანეთის ნაკრები ბუსკეტსის პასით დააწინაურა, თუმცა ესპანელების უპირატესობა რამდენიმე წამს გაგრძელდა.

პრაქტიკულად პირველივე საპასუხო შეტევაში მბაპემ ბენზემას დაუგორა, რომელმაც საჯარიმოს შესასვლელიდან საოცარი დარტყმით მოახერხა ტაბლოზე წონასწორობის აღდგენა.

გამარჯვების გოლი კი მე-80 წუთზე უკვე თავად მბაპემ გაიტანა, რომელსაც ნახევარფინალსი გმირმა ტეო ერნანდესმა გაუკეთა საგოლე გადაცემა. გოლი მსაჯმა პოტენციურ თამაშგარეშე გადაამოწმა, თუმცა საბოლოოდ კარის აღება ჩაითვალა და საფრანგეთმა ერთა ლიგის მოგება მოახერხა.

ამრიგად, უეფას ერთა ლიგის 2021 წლის გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა, მეორეადგილოსანი - ესპანეთი, მესამე ადგილს კი იტალიის ნაკრები დასჯერდა.