ავტორიზაცია

როგორც იქნა! 9-წლიანი სერია შეწყვეტილია - საქართველომ სტუმრად კოსოვო დაამარცხა

როგორც იქნა! 9-წლიანი სერია შეწყვეტილია - საქართველომ სტუმრად კოსოვო დაამარცხა
თარიღი 13 Oct 2021, 00:41

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველომ სტუმრად კოსოვო დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ფადილ ვოკრიზე“ პრიშტინაში გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, როცა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჩვენი ნაკრები დააწინაურა.

45-ე წუთზე მურიქიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ტაიმის დასასრული ჩაუშხამა.

მეორე ნახევარი პრაქტიკულად უმომენტოდ გავატარეთ, თუმცა 82-ე წუთზე ვილი სანიოლის ცვლილებებმა გაამართლა - შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილი მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.

ამრიგად, საქართველომ მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

სამწუხაროდ, ჯგუფის თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საქართველომ 4 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე კოსოვო ჩაანაცვლა.