ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს უგოლო მატჩი — მანჩესტერი უხვგოლიან დაპირისპირებაში ლესტერთან დამარცხდა

თარიღი 16 ოქტ 2021, 19:58

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, "ლესტერმა" შინაურ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირება "მელიების" გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

ანგარიში მე-19 წუთზე მეისონ გრინვუდმა გახსნა და "ეშმაკუნები" დააწინაურა, თუმცა 31-ე წუთზე იური ტილემანსმა წონასწორობა აღადგინა.

"ლესტერი" 78-ე წუთზე წინ გავიდა - "ემიუს" კარი ჩაგლარ სეუნჯიუმ აიღო, ზუსტად ოთხ წუთში სტუმრებმა მარკუს რეშფორდის გოლით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს.

მალევე, 84-ე წუთზე, "მელიები" ჯეიმი ვარდიმ კვლავ წინ გაიყვანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი პატსონ დაკამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებენ, "ლესტერი" კი 11 ქულით მე-11 ადგილზეა.

მომდევნო ტურში მანიკუნიანელები 24 ოქტომბერს "ლივერპულს" უმასპინძლებენ. თავის მხრივ, "მელიები" იმავე დღეს "ბრენტფორდს" ესტუმრებიან.