ავტორიზაცია

"ბიელსასავით რატომ არ მოიქეცი?", - ჰანდანოვიჩმა მაურიციო სარის უკმაყოფილება ღიად გამოუთქვა

"ბიელსასავით რატომ არ მოიქეცი?", - ჰანდანოვიჩმა მაურიციო სარის უკმაყოფილება ღიად გამოუთქვა
თარიღი 18 ოქტ 2021, 18:03

„ინტერის“ სლოვენიელმა გოლკიპერმა, სამირ ჰანდანოვიჩმა, „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ რომაული გუნდის მწვრთნელთან, მაურიციო სარისთან ისაუბრა.

„ლაციომ“ ამ შეხვედრაში მატჩი 0:1-დან შემოატრიალა და 3:1 იმარჯვა. მეორე გოლი სკანდალური გამოვიდა - ფელიპე ანდერსონმა გოლი მაშინ შეაგდო, როცა „ინტერის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი გაზონზე იწვა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, ჰანდანოვიჩი სარისთან მივიდა და დაინტერესდა, რატომ არ გააჩერა სარიმ თავისი თანაგუნდელები: „ხელი მაღლა ავწიე, სხვა რა უნდა მექნა ამ სიტუაციაში?“ - უპასუხა სარიმ.

„გახსოვს, როგორ მოიქცა ბიელსა? შენ რატომ არ გააკეთე იგივე?“, - ციტირებს ჰანდანოვიჩის სიტყვებს Sky.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 აპრილს, ჩემპიონშიპის 45-ე ტურის მატჩში, „ასტონ ვილას“ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და გაზონზე დაეცა, რის შემდეგაც ბირმინგემელებმა „ლიდსის“ ფეხბურთელებს ბურთის აუტზე გადაგდება სთხოვეს. ნაცვლად ამისა, თავდამსხმელმა გოლი გაიტანა, რის გამოც მოედანზე ჩხუბი ატყდა.

ბიელსამ, რომელიც მაშინაც „ლიდსს“ წვრთნიდა, საკუთარ ფეხბურთელებს აიძულა, რომ საპასუხო გოლიც გაეშვათ. ამ მომენტის გამო, არგენტინელი წლის ბოლოს ფიფამ ფეირ-პლეის ჯილდოთი დაასაჩუქრა.

იხილეთ აღნიშნული მომენტის ვიდეო: