"შეიძლება წაგებები გაგრძელდეს", - უმტიტიმ დაასახელა ასპექტი, რომელშიც ბარსელონას სასწრაფოდ მოსამატებელი აქვს
„ბარსელონას“ მცველმა, სამუელ უმტიტიმ, ჩემპიონთა ლიგის წარუმატებელ სტარტზე ილაპარაკა.
კატალონიურმა კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორი წაგებით დაიწყო, თანაც ერთნაირი ანგარიშით - გუნდი „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ 0:3 დამარცხდა.
„ევროპაში მძიმედ ვაგებთ. ახლა ყველას უჭირს და მითუმეტეს ჩვენ. „ბარსელონა“ ყოველთვის ცდილობს გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ეს ძალიან რთულია.
უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი შეიცვალა და ჩვენც იძულებულები ვართ, პროგრესში გავყვეთ. ჩვენ სათამაშო სტილს ხშირად ვიცვლით. ადრე, გამარჯვებებს უფრო ბურთის ფლობის ხარჯზე ვაღწევდით, ახლა კი უამრავი დეტალი გამოჩნდა.
ფეხბურთი შეიცვალა, ნებისმიერ გუნდს შეუძლია შენი დამარცხება, ადრე ასე არ იყო. ახლა იმაზე უკეთ უნდა ვიყოთ მზად, ვიდრე ადრე. „ბარსელონამ“ გაცილებით დიდი ინტენსივობით უნდა ითამაშოს და მცირე დეტალებზეც გაამახვილოს ყურადღება. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება წაგებები გაგრძელდეს.“ - ციტირებს უმტიტის სიტყვებს Mundo Deportivo.
ხვალ, 20 ოქტომბერს, „ბარსელონა" საკუთარ კედლებში „დინამო კიევს" უმასპინძლებს. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.