ავტორიზაცია

სუპერ ლიგა ცოცხალია და თანაც როგორ! ცნობილი გახდა პროექტის ახალი ფორმატი - არანაირი ჩაკეტილობა და ორი დივიზიონი

სუპერ ლიგა ცოცხალია და თანაც როგორ! ცნობილი გახდა პროექტის ახალი ფორმატი - არანაირი ჩაკეტილობა და ორი დივიზიონი
თარიღი 19 ოქტ 2021, 21:15

ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელობამ, რომლის დაარსების შესახებაც ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, ახალი პროექტი შეიმუშავა.

გახსნიდან ორ დღეში, პროექტი დაიხურა იმის გამო, რომ გულშემატკივრების მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება წამოვიდა, ფიფამ და უეფამ კი დამფუძნებელ კლუბებს მუქარები დააყარეს.

გერმანული გამოცემა Wirtschaftswoche კი გვთავაზობს სუპერლიგის ახალ ფორმატს, რომელიც ამ ეტაპზე შემუშავების პროცესში იმყოფება და დაბრუნებასთან ახლოს არის.

სუპერლიგის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ფორმატი იყო, რომელიც კლასში ამაღლებას, დაქვეითებას ან სხვა გუნდების ტურნირზე მოხვედრას არ ითვალისწინებდა, თუ რა თქმა უნდა ამას დამფუძნებლები არ მოინდომებდნენ.

ახლა კი, ახალი ფორმატის მიხედვით, ტურნირს არ ეყოლება მუდმივი მონაწილეები, ის ყველა ევროპული კლუბისთვის იქნება გახსნილი და მასში მოხვედრა შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით იქნება შესაძლებელი. პირველობა დაყოფილი იქნება ორ დივიზიონზე - ზედაზე და ქვედაზე, თითოში 20 გუნდით. 

სუპერლიგის შექმნის იდეაზე ყველაზე დიდ ფსონს დღემდე აკეთებენ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, რომელთაც ეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგის ალტერნატივად ეჩვენებათ.

დანარჩენმა დამფუძნებელმა კლუბმა კი ამ პროექტიდან გასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად ისინიც დღემდე პროექტში იმყოფებიან.